მე-10 საუკუნით დათარიღებულ კუმურდოს საკათედრო ტაძარს, რომლის ნანგრევები სოფელ კუმურდოშია შემორჩენილი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ინფორმაციას კულტუტული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი - 964 წელი. 
ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რომელიც შესაძლებელია თავდაპირველად სამივე მხრიდან უვლიდა გარსს დასავლეთ მკლავს. ახლა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთის მკლავი. 
კუმურდოს ტაძარზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. 
2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც კუმურდოს ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.