დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც მინისტრთა კაბინეტს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა წარუდგინა.
“ეს ცვლილებები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. გუშინ ტელევიზიით გაჟღერდა თითქოს მარჯვენა საჭიან მანქანებზე შემოგვაქვს ახალი რეგულაციები, თითქოს გადასახადებს ვუწესებთ. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, მსგავსი არაფერი იგეგმება. ასევე თითქოს იკრძალება მოძრაობა მარჯვენა საჭიანი მანქანებით. ესეც ტყულია. მფლობელებს, ვისაც ჰყავთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილები და ისინი რეგისტრირებული არიან შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები. ჩვენ მათ არ ვეხებით.
იმ თარიღზე, რაზეც ჩვენ დღეს მთავრობოს სხდომაზე შევთანხმდებით, მას შემდეგ აიკრძალება მსგავსი მანქანების რეგისტრაცია. სტატისტიკური მონაცემები ძალიან საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, 50%-ს გაუტოლდა მარჯვენა საჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში. ასეთი რამ მსოფლიოს მხოლოდ ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენა და ასევე მარჯვენა საჭიანი მანქანით არის ნებადართული გადაადგილება. ეს არის ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა, დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას შეგვიძლია, დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ასეთი მანქანების იმპორტი. მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ს არ აჭარბებს.
მარჯვენა საჭიანი მანქანები, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია და რომლის იმპორტიც კიდევ განხორციელდება იმ თარიღამდე, რაზეც შევთანხმდებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ მფლობელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ამ ავტომანქანით სიცოცხლის ბოლომდე.
თუმცა, კონკრეტული თარიღის შემდეგ აიკრძალება მარჯვენა საჭიანი მანქანების რეგისტრაცია და არა იმპორტი. არ იკრძალება ტრანზიტი, არ იკრძალება დროებითი შემოყვანის რეჟიმი. არ იკრძალება აგრეთვე იმპორტი, მაგრამ დღეს მოგეხსენებათ, საქართველოში მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და შეუძლიათ დაშალონ და გაყიდონ ეს მანქანა, მაგრამ ჩვენ ასეთი ავტომანქანების რეგისტრაციას არ მოვახდენთ მთავრობასთან შეთანხმებული თარიღის შემდეგ”,- განაცხადა მღებრიშვილმა
პრემიერმინისტრმა მოიწონა შს მინისტრის ინიციატივა ამისთვის მას მადლობაც გადაუხადა. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, რომ მღებრიშვილის ინიციატივაზე დროული რეაგირება მოახდინონ.
The post საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება appeared first on iMtavroba.