მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში.

პრობლემის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის. მკურნალობა ხორციელდება უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიურ ამოცანებსა და აქტივობებს.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღეს საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის  პირველი შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას გაუწევენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა განიხილა C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებულ გამოწვევები.

ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

მრჩეველთა საბჭო 11-17 წევრისგან შედგება და დაკომპლექტებულია C ჰეპატიტის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებით. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად.

შერჩევისას მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ექსპერტები ყველა იმ მიმართულებიდან (განათლება და ადვოკატირება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია და სკრინინგი, მოვლა და მკურნალობა), რომელიც გამოყოფილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ სამოქმედო ჩარჩო-დოკუმენტში.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის კონფერენცია 3-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

4 ნოემბერს, სპეციალურად ამ შეხვედრისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი და სხვა წარმომადგენლები ჩამოდიან.

შეხვედრის ბოლო დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი გამართავს ტექნიკურ კონსულტაციას C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგისა და მკურნალობის კუთხით. საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კოლეგებს ვირუსული ჰეპატიტების კუთხით გლობალური  ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიასაც გააცნობენ.

შეხვედრაზე ასევე, გაზიარებული იქნება ევროპის რეგიონში არსებული ჰეპატიტთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითები და გამოცდილება.