საქართველო-უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობები რბილად რომ ვთქვათ ისევ არასასურველია. ზელენსკისა და არახამიას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას პოდოლიაკიც მწვავედ აკრიტიკებს. პასუხს არც „ქართულ ოცნებაში“ ერიდებიან და „ნაცების“ კვალს ისევ ხედავენ.
რამდენად გამართლებულია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია და „ოცნების“ პასუხი ომში ჩართულ ქვეყანასთან? რამდენად ეხმარება მეგობარ ქვეყანას საქართველო და რატომ ვერ ერთიანდებიან ქართველი პოლიტიკოსები ეროვნული საკითხების გარშემო? - ამ და სხვა კითხვებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს: _ ისევ გართულებულია ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, ჩვენ მოვისმინეთ პოდოლიაკის განცხადებები. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს განცხადება მისი მხრიდან და უნდა გაეცა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას პასუხი თუ გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ ქვეყანა ომშია ჩართული? _ იცით როგორ არის, არსებობს ჟამი ბრძოლისა და ჟამი მშვიდობისაო, ხომ გაგიგიათ?! ასეთი საკითხები, როდესაც არის პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ მეგობრებს შორის, რომელიც ადამიანებს შეიძლება ერთმანეთთან ჰქონდეთ, განიხილება მაშინ, როდესაც ომი მთავრდება. სასამართლოც რომ იყოს ან კონფლიქტები, ეგეც იწყება მას შემდეგ, რაც ომი მთავრდება. აქედან გამომდინარე მთავარი კრიტერიუმი, რატომაც არ შეიძლება უკრაინელებისთვის „ნაცების“ ძახილი და ა. შ. ეს არის. ეს არასდროს არ შეიძლება, მაგრამ ახლა მით უმეტეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ახლა ომია. _ თუმცა, მეორე მხრივ „ოცნების“ პოზიციაა, რომ ომი აქვთ და ჩვენთვის იცლიან ამ დროსო. ამაზე რას იტყოდით? _ ეგენი ყველასთვის იცლიან და ყველას ეუბნებიან სათქმელს, მათ შორის ისეთ სათქმელს, რომელიც არავის არ უთქვამს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გინდა ნატოსთვის, გინდა ევროკავშირისთვის, ან თუნდაც გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის ან ამერიკისთვის. იმის ნაცვლად, რომ მათაც „ნაცები“ იძახონ, კრიტიკიდან მეორე დღეს ის ხალხი მძიმე არტილერიას აწვდის. ჩვენ აცდენილი ვართ იმ ტენდენციებს, რომელსაც ცივილური სამყარო ახორციელებს. _ უკრაინასთან მიმართებით ლოგიკა თუ დაინახეთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში? ვგულისხმობ რომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ფაქტობრივად ყველგან მხარს უჭერს უკრაინას საქართველო, თუმცა რიტორიკის დონეზე სულ სხვა განცხადებები გვესმის. _ ჩემი აზრით ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არასაკმარისია. მე არასდროს არ მითქვამს, რომ არ ვეხმარებით, არაფერს არ ვაკეთებთ და ა. შ. უბრალოდ ეს საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ ასევე ვართ ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის მხრიდან, ბრძოლაში ვართ მასთან და მეტი მოგვეთხოვება. სწორედ ამიტომ გვაკრიტიკებენ უკრაინელებიც. ჩვენ როდესაც შევხვდით უკრაინელებს კიევსა და ბუჩაში სწორედ ეს იყო მათი კრიტიკის მთავარი საგანი, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ და მეტი მოგვეთხოვება. ეს ისეთი კრიტიკაა ჩემი აზრით, რომელიც უნდა გავიაზროთ. _ ახსენეთ რუსეთის საფრთხეები, რა საფრთხეებს ელოდებით მისგან და აქვე ხელისუფლების რიტორიკაზეც გკითხავთ, მისი რიტორიკა „ომი გინდათ“, გვაცილებს თუ არა მნიშვნელოვანწილად ამ საფრთხეს? _ ომი არავის არ უნდა. მე არ მგონია, რომ უკრაინაში ვინმეს უნდოდა ომი, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი ამიტომაც არის სამყაროს პრობლემა და იმიტომ არის ახლა მისახედი რაღაცნაირად, რომ შენ არ გეკითხება ამას და შესაბამისად შენი აზრი არ არის მისთვის გადამწყვეტი. შენ რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რათა ეს მას არ უღირდეს სხვადასხვა მიზეზების გამო. ან იყო ისეთ კოალიციაში, რომ მეგობრები გეხმარებოდნენ, ან ვთქვათ ლეგალური გაქვს ქვეყანაში იარაღი და მთელი შენი მოსახლეობა იბრძოდეს. არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ როცა ბავშვები იზრდებიან, მათ იციან, რომ თავდაცვის უნარი უნდა ჰქონდეთ. იარაღი უნდა ჰქონდეთ, როგორც ბავშვებს ვასწავლით საშიშ ნივთებთან ურთიერთობას, ელექტროენერგიასთან ხომ ვასწავლით, რომ მას ეს სჭირდება, ასევე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს იარაღთან ურთიერთობა სიფრთხილის დაცვით და მისი მნიშვნელობის გააზრებით. _ საკანონმდებლო ინიციატივაც გაქვთ ამ საკითხზე? _ ჩვენ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით, სადაც ვითხოვთ იმ ხალხისთვის იარაღის მინიჭების უფლებას, ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. მაგალითად, ყოფილი პოლიციელები, სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი მოსამართლეები, ყოფილი პროკურორები და ა. შ. ადამიანები, რომლებსაც ერთხელ უკვე ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და ის არ გამოუყენებიათ ცუდად, არ არსებობს კითხვები იმაზე, რომ მათ იარაღი ცუდად გამოიყენეს... ეს ადამიანები წავიდნენ პოლიციიდან, პენსიაზე გავიდნენ, მილიონი მიზეზი არსებობს, რის გამოც აღარ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ეს და შემდეგ უკვე ამ ხალხთან ერთად უნდა ისწავლოს მთელმა საზოგადოებამ. უნდა გაჩნდეს იარაღი საზოგადოებაში. იარაღის ტარების თავისუფლება თავდაცვის ერთ-ერთი გზაა. ქართველები სულ დავდიოდით ასე და რომ გეთქვა ხანჯალი არ წამოიღო, სეიფში გქონდეს ჩაკეტილიო, ხომ არასერიოზულად გამოჩნდებოდა?! ასე არასერიოზულად ჩანს თანამედროვე შეიარაღებაზე ის რეგულაციები, რაც ჩვენ გვაქვს. _ პოლიტიკური აქტორები რატომ ვერ ერთიანდებით ეროვნული ინტერესების გარშემო, რაც ეხება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და რატომ ხდება, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები ჭარბობს ქვეყნის ინტერესებს? _ იმიტომ, რომ მძიმე წარსული გვაქვს, საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. მერე ერთმანეთს ვებრძოდით, ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებდით, ბევრი ცუდი საქმე გვაქვს გაკეთებული. მეტწილად იგივე პოლიტიკური სპექტრია შემორჩენილი, რაც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. ფიზიკურად ვერ ვითარდებით. ბევრი კონგლომერატია, ახალი ხალხი არ შემოდის პოლიტიკაში, რადგან სახელი აქვს გატეხილი ამ პროფესიას. ბევრი მიზეზი არსებობს. ისეთი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს, როგორიც გვაქვს და ისეთი დინებაა, რომ არ ხდება საქმეზე შეთანხმება და ა. შ. სამწუხაროდ ორი პარტია იღებს თითქმის 90%-ს ერთმანეთის ზიზღით,  შესაბამისად ვერ ვვითარდებით. სანამ ერთმანეთს ვებრძვით ასე იქნება, მარტივი ამბავია. _ კელი დეგნანის მოწოდებაზე რა პასუხი გექნებათ, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და რუსეთისთვის ეს იქნება მესიჯიო? _ კი, უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური ლიდერები გარკვეული იდეების გარშემო. ეს ბევრჯერ უთქვამთ ჩვენ მეგობრებს ჩვენთვის და ეს ეხება ხელისუფლების გაერთიანებასაც და არა მარტო ოპოზიციის ერთობას. ამის მიუხედავად, მე რა წარსულზეც გელაპარაკეთ წეღან, ეს პრობლემა ამაშიც არის მათ შორის. იმიტომ, რომ როცა ვჩხუბობთ, იქ გაერთიანება არ მოსულა, სანამ გაერთიანდები, ეს ჩხუბი უნდა შეწყვიტო. _ ანუ, ამ მიმართულებით ოპტიმისტური მოლოდინი არ გაქვთ? _ არა, როგორ არ მაქვს, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, უბრალოდ ამ რეალობას აღვწერ. მომავალს რაც შეეხება, მე რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ვითარების შესაცვლელად და დარწმუნებული ვარ ახალი ადამიანებიც შემოვლენ პოლიტიკაში. ამდენი რამე გადაიტანა ამ ქვეყანამ და ადამიანებსაც მეტი დაფიქრება მართებთ, როდესაც არჩევანს აკეთებ. როდესაც ბრძოლას ირჩევ, ვერ განვითარდები და ქართველი ხალხი ბრძოლას ირჩევს, როდესაც ხმას აძლევს ამ ორ პარტიას - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და ამაში დამნაშავე ჩვენც ვართ - ოპოზიცია, რათა უკეთესად არ ვმუშაობთ და უკეთესად არ ვიქცევით. მაგრამ, ქართველი ხალხის პრობლემაცაა, როდესაც ამ 10 წლის განმავლობაში ჩაციკლულია ასეთ ძალებზე, რომელიც ყველასთვის გასაგებია საითაც წაიყვანს ქვეყანას. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი