დღეს მსოფლიო მთავარი საფიქრალი ის არის, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში და როგორ შეიძლება შეაკავოს დასავლეთმა რუსეთის აღვირახსნილი პოლიტიკა. ორაზროვანი განცხადებებით რომ ვერ გაჩერდება ეს ყველას კარგად ესმის. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ნახსენებ „არნახულ სანქციებში“ რა იგულისხმება, ესეც ამოუხსნელ განტოლებად რჩება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკა-რუსეთის პირადი კონტაქტების დროს ეს განტოლება მხარეებმა დეტალურად განიხილეს, თორემ რუსეთის შეკავების სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს. ალბათ დროთა განმავლობაში ამ განტოლებასაც ამოხსნის სამყარო, იქამდე კი არსებული ვითარების გაანალიზება სხვა ხერხით ვცადოთ.
რამდენად მოსალოდნელია ომი და როგორ უნდა გავიგოთ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ორაზროვანი განცხადებები? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს: _ უკრაინა ომის ზღვარზეა. პირადად თქვენ რა მოლოდინები გაქვთ - ელოდებით, რომ რუსეთი შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე და ომი იქნება? _ „ველოდები“, ეს ალბათ მთლად კორექტული ზმნა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ მას. ამგვარი სცენარის რეალიზაციის შესაძლებლობა არსებობს და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. _ ამერიკის განცხადებები როგორ უნდა აღვიქვათ? ამ შემთხვევაში კონკრეტულად პრეზიდენტ ბაიდენს ვგულისხმობ. რაღაც ორაზროვანი განცხადებები გაკეთდა. მაგალითად, როგორიც იყო „მცირე შეჭრა“ და „შეჭრის“ განსხვავება. ეს ხომ არ იყო ერთგვარი მწვანე შუქის ანთება რუსეთისთვის? _ არა მგონია. იმიტომ, რომ ომი ან იწყება, ან არ იწყება. „მცირე ომი“ და „დიდი ომი“, ასეთი ან განზომილებები ლოგიკურად არ არსებობს. მე მეჩვენება, რომ აქ უფრო გამოთქმის არასწორი ინტერპრეტაციის ბრალია. საუბარია აგრესიულ ქმედებებზე, მაგალითად, საომარი მოქმედების დაწყებაზე ორ ოლქში - დონბასისა და ლუგანსკის რეგიონში. მეორე ვარიანტია ფართომასშტაბიანი შეტევა საზღვრის რამდენიმე მიმართულებიდან. რა თქმა უნდა, ასეთი ორგვარი სცენარი არსებობს. ორიც და კიდევ რამდენიმე სხვა ხასიათის სცენარიც წარმოვიდგინოთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის პირველი ვერსია მისაღებია და სხვა არა. როგორც მე მეჩვენება, ასე გაიგო მსმენელთა უმრავლესობამ. _ არა მარტო მსმენელებმა, არამედ უკრაინამაც ასე გაიგო. _ უკრაინას ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პირველი, ვინც ეს შეფასება უნდა მოისმინოს, ეს არის უკრაინა და შემდეგ დანარჩენი მსოფლიო. მე არ მეჩვენება, რომ ეს ასეა, რადგან ამერიკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი  საომარი მოქმედების დაწყებას მოყვება უმწვავესი შედეგი რუსეთისათვის. _ სანქციებზე საუბარი გვესმის გაუთავებლად, მაგრამ ვხედავთ, რომ შედეგი არ მოაქვს. ამ თვალსაზრისით რამდენად ეფექტიანია, ისევ ამაზე საუბარი? _ როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ესხმის თავს, მესამე ქვეყნის რეაქცია არის ან საომარი მოქმედების დაწყება აგრესორის წინააღმდეგ, ან რაიმე სხვა. პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროს ზემოქმედება. საომარი მოქმედების დაწყება რუსეთის წინააღმდეგ, ეს მსოფლიო ომი იქნება. სხვათა შორის რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ამაზე არ წავა ნატო. ბუნებრივია, რომ ამგვარი სცენარი მიუღებელი იქნება ყველასთვის. სანქციებს რაც შეეხება, ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციებით ბოლოსდაბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ნაბიჯები არაეფექტურია, უბრალოდ მას სჭირდება გონივრული და ინტენსიური გამოყენება, როგორც ეს რეიგანის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჯერჯერობით დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში ასეთი ნაბიჯები არ გამოუყენებია. ზოგიერთი ოლიგარქის შეზღუდვა და ა. შ. ეს არ არის ის, რასაც „განკითხვის დღის“ სანქციებს უწოდებენ პოლიტიკოსები. _ ბაიდენი არნახული სანქციებით ემუქრება რუსეთს, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში ნატოს წევრი ვერ გახდება. ესეც იწვევს ორაზროვნების განცდას, თქვენ როგორ გაიგეთ? _ მე მეჩვენება, რომ ეს რეალობის ობიექტური აღნიშვნაა და მეტი არაფერი. _ მაგრამ, ამ სიტუაციაში ასეთი განცხადება გასაკეთებელი იყო? _ ეგ სხვა თემაა. ამ თემაზე მე მაგალითად ვფიქრობ, რომ სჯობდა აქცენტი არ დასმულიყო. იმიტომ, რომ ამ პირობებში ამგვარი განცხადება დიახ, რაღაც გარკვეულ იმედს უჩენს აგრესორს. სჯობს ასეთ გამონაკლისებზე არ იყოს საუბარი, როდესაც ქვეყანას სერიოზულად ემუქრებიან. ეს მარტივი წესია და ამ შემთხვევაში ეს წესი არ იყო დაცული. _ პუტინის ინტერესი როგორ ჩანს ამ შემთხვევაში - ივაჭროს დასავლეთთან და მუდმივად წნეხში ჰყავდეს ამ თემით თუ როგორც თქვენ თქვით ერთ-ერთ ვერსიად - ყველა მხრიდან იერიში მიიტანოს უკრაინაზე? _ გულახდილად გითხრათ, ამ ეტაპზე რუსეთი ვაჭრობს. მან მიაღწია იმას, რაზეც თავიდან უარი მიიღო. დასავლეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მის მიერ შექმნილი სიტუაციის განხილვას იწყებს. _ რეალურად ამას განიხილავს - აყვეს თუ არა ვაჭრობაში? _ ფაქტობრივად აყვა. მის მიერ გამოთქმულ საფრთხეებს იხილავენ და აფასებენ და ა. შ. საკმარისია, რომ რუსეთმა რამდენიმე ელემენტი დაუმატოს სამხედრო ძალის კონცენტრაციას უკრაინის ნაპირთან და დასავლეთი, კერძოდ ამერიკა ლამის არის გადახტეს... რუსეთმა დიახაც მიიღო გადაწყვეტილება ომის დაწყების, ყოველ შემთხვევაში ასეთი შესაძლებლობა გამოსარიცხი არ არის. ამიტომ, ამ შანტაჟის პოლიტიკით რუსეთი ჯერჯერობით ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წინ მიიწევს თავის აგრესიულ სტრატეგიაში. მე მეჩვენება, რომ დასავლეთმა მკვეთრი მოძრაობით უნდა აღკვეთოს ამგვარი თავხედური საქციელი. _ გაჩნდა ახალი „რკინის ფარდის“ ვერსიაც. როგორ უყურებთ ამ პროცესს და საქართველოს როლს სად ხედავთ მთელ ამ პროცესში? _ საქართველოს როლი ამ შემთხვევაში აქტიური მოთამაშის თვალსაზრისით ძნელად წარმოსადგენია. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სოლიდარობა გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, ვისი სტრატეგიაც სამართლიანია. კერძოდ უკრაინის, რომელიც თავისი დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას იცავს და მეტს არაფერს. მას რაიმე აგრესიული ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ არ გადაუდგამს. ის, რასაც რუსეთი ბრალად სდებს უკრაინას, კერძოდ დონეცკის და დონბასის რეგიონებში საომარი მოქმედებების მზადების თვალსაზრისით და ა. შ. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს უფლებაა, რომ თავდაცვისათვის მოემზადოს. ამაში აგრესიული და წესის საწინააღმდეგო არაფერია. ამიტომ, რუსეთი ხელს არ იღებს ამ პოლიტიკაზე, მაგრამ ერთია რას იტყვის რუსეთი და მეორე, რამდენად დაუჯერებს მას მსოფლიო. ასე, რომ რუსეთის ეს ბრალდებები უდავოდ ცაშია გამოკიდებული. მიუხედავად ყველაფერ ამისა, ის, რასაც რუსეთი აკეთებს დღეს და ამ ბარიერს, რასაც თქვენ სრულიად ლოგიკურად უწოდეთ და მარტო თქვენ არ გითქვამთ, უკვე ტრიალებს ეს ტერმინი - „რკინის ფარდა“. ეს უკვე რეალობაა, რომელიც სულ უფრო და უფრო იკვეთება ჩვენ თვალწინ. იცით, რომ „რკინის ფარდას“ ცივი ომის დროს რამდენიმე განზომილება ჰქონდა, მათგან ზოგიერთი განზომილება დღეს უკვე სახეზეა - ეს არის სამხედრო კონფრონტაცია და საომარი მოქმედებებით დამუქრება. რამდენიმე კომპონენტის დამატებით სახეზე გვექნება ტრადიციული ცივი ომის პერიოდის „რკინის ფარდა“ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. _ ახსენეთ, რომ სოლიდარობა იქნებოდა საქართველოს მხრიდან სწორი ნაბიჯი. არ ფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში პარლამენტმა უნდა მიიღოს მხარდამჭერი რეზოლუცია და აქვე გკითხავთ - საერთაშორისო დღის წესრიგში თითქოს აქტიურად გაჩნდა საქართველოს სახელი უკრაინის გვერდით. ამით გვაქვს პოზიტიურად აღქმის საფუძველი? _ რა თქმა უნდა და ეს არის შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. როდესაც დასავლეთი ხედავს საფრთხეს, რომელიც შენს წინააღმდეგ არის, ამას სჭირდება რეალიზაცია. პოზიტიურია ყველაფერ ამის ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება. _ ბუნებრივია დიპლომატიის ჩართულობას გულისხმობთ. _ რა თქმა უნდა და არა სამხედრო ჩართულობას რუსეთის წინააღმდეგ. საუბარია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების კონცენტრაციაზე. იმაზე, რომ საქართველო დარტყმის ქვეშ არის, როგორც მინიმუმ სამიზნეა. _ რეზოლუციის ნაწილს რაც შეეხება? _ ეს საქართველოს რეაგირების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სრულიად მისაღები და შეიძლება საჭიროც იყოს. ოღონდ ამ ნაბიჯს გადადგამს თუ სხვას, ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს და ჩვენი საგარეო სტრატეგიის შესაბამისად უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია. არავითარ რეზოლუციას და მსგავს ნაბიჯს დამოუკიდებელი ღირებულება არ აქვს. ეს უნდა იყოს ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, მაშინ იქნება ეს პოლიტიკა ეფექტური. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი