17 ივნისი მძიმე დღე გამოდგა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან თითქმის გაუშვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება დაიმსახურა, მაგრამ არა კანდიდატობა. საქართველო სამეულიდან მოკვეთეს და ჩვენგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გასცეს უკრაინასა და მოლდოვაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი 24 ივნისს იქნება მიღებული ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის ლიდერის მიერ.
რა გვითხრა ევროპამ ამ რეკომენდაციით და რაში გვაჯობა მოლდოვამ? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს: _ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უკეთესი მოლოდინი გვქონდა, ალბათ თქვენც, თუმცა ევროკომისიის რეკომენდაციაში წერია, რომ საქართველომ ამ ეტაპზე არ უნდა მიიღოს სტატუსი განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან. რატომ? _ არა, მე არ მქონია უკეთესი მოლოდინი, შეფარვით ვცდილობდი ამეხსნა საზოგადოებისთვის, რომ ტრაგედია არ იქნება თუ არ მივიღებთ-მეთქი. ამ ფორმულირებით ვამბობდი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო უარესი ვარიანტი. _ ევროპამ და ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა რა გვითხრეს ამ რეკომენდაციით? არ გავასწრებ მოვლენებს და არ ვიტყვი, რომ უარი გვითხრეს სტატუსზე. _ ევროპამ გვითხრა, რომ თუ ხარ ევროპის ნაწილი, მაშინ მოიქეცით, როგორც ევროპა, ნუ არღვევთ შეთანხმებებს ევროპასთან და ნუ ამაიმუნებ ევროპასო. თუ გინდა სასამართლო რეფორმა აიღე ფული [ევროკავშირის კრედიტი] და ჩაატარე სასამართლო რეფორმა. როცა ეუბნები, რომ არა ფული არ მინდა და ამ დროს გაღატაკებული ქვეყანა ხარ... მიზანმიმართულად არ იღებ ფულს, ცხადია, რომ შენ არ გინდა სასამართლო რეფორმა. როცა გაქვს პოლარიზაცია ქვეყანაში, ჩამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდა, რომ აქ ჩამოსულიყო, რათა შეთანხმებისთვის მიეღწია. მთელი სამხრეთ კავკასია ომმა წაიღო, ყარაბაღის კონფლიქტს ვგულისხმობ, იქ არ ჩასულა და ის ჩამოვიდა საქართველოში. მმართველი პარტია რომ ხარ და თავზე ახევ ხელშეკრულებას, არც კი ამბობ, რომ აპირებ გასვლას, ხელმოწერის დროს პირობაც კი არ დაგიყენებია, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ არ მოაწერს ხელს, მაშინ შეთანხმებიდან გავალო, ეს არარეალობაა. მაშინ რა გინდა? რატომ მოძვრები ევროპაში? დაეტიე შენ ტყავში! დაეტიე საქართველოში და იყავი მანდ, აი ეს პასუხია ევროპისგან. [caption id="attachment_414332" align="aligncenter" width="560"] "კობახიძის განცხადებები „ომი გინდა“ სამარცხვინო და ყბადაღებულ განცხადებებად იქცა. ომი კი არ გვინდა, ომი არის საქართველოში"[/caption] _ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არის ევროკავშირის კრიტიკა მიღებული რეკომენდაციის გამო. სხვათა შორის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან არის ეს კრიტიკა, რომ მოლდოვას რა აქვს მეტი? გასაგებია, რომ უცნაურია, როცა სხვას ეჯიბრები, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ერთი და იგივე კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით, რატომ მისცეს დადებითი რეკომენდაცია მოლდოვას და არა ჩვენ? _ მოლდოვაში არის პროევროპული ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებს, რასაც ევროპა უყენებს. მოლდოვაში საზოგადოება გახლეჩილია პრორუსულად და პროევროპულად, ჩვენთან საზოგადოება გახლეჩილი არ არის ამ თვალსაზრისით. ჩვენთან საზოგადოება პრო-ოცნებად და პრო-ნაცებად არის გახლეჩილი. ჩვენთან საგარეო ორიენტირების მხრივ გახლეჩილობა არ არის. ამ გახლეჩილობაში მოლდოველმა ხალხმა პროევროპულობა აირჩია და მხარი დაუჭირა ამას, ევროპამ კი მოლდოველი ხალხის არჩევანს დაუჭირა მხარი. ჩვენი ხალხის არჩევანი რა არის? – „შე ქოცო“ და „შე ნაცო“. _ თქვენ ამბობთ, რომ ხალხიც არ ვიმსახურებთ, რასაც მუდმივად ესმევა ხაზი? _ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ბრმად მიყვება ქართულ ოცნებას. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. თუ ხალხს აინტერესებს ეს სიტუაცია, მან უნდა მოახდინოს ამაზე კონცენტრირება და ზღაპრის მოსმენას თავი დაანებოს. არავითარი ძალა არ გააჩნია დღეს „ნაცებს“, ერთადერთი ძალაა „ოცნების“ პროპაგანდა, რომ „ნაცები“ მოდიან. სხვა ვერაფრით იმარჯვებს „ოცნება“ გარდა ამ პროპაგანდისა. საზოგადოებას როგორც ჩანს აწყობს, დაიჯეროს ეს მითები და ზღაპრები. გარკვეულწილად პასუხისმგებლობა საზოგადოებაზეც არის და რატომ გვეშინია, რომ საზოგადოებასაც დავაკისროთ პასუხისმგებლობა?! _ არ გვეშინია. _ არა, თქვენ არ გგულისხმობთ. ზოგჯერ არის ხოლმე რაღაც მითიური ფრაზები, რომ ქართველი ხალხი თვალებს აღაპყრობს ცისკენ... თითქოს პოლიტიკოსები ცუდები არიან და ხალხი კარგი. ასე არ ხდება, რაც ერი, ის ბერია. _ მოლდოვის ნაწილში რომ დავაზუსტოთ მკითხველისთვის - ფიქრობთ, რომ ჩვენსა და მოლდოვას შორის განსხვავებაა ის, რომ შესაძლოა დემოკრატიული თვალსაზრისით თანაბარი ვითარება გვაქვს, მაგრამ იქ ხელისუფლება ხვდება, რომ სამუშაო ბევრი აქვს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ჩვენ კი სირაქლემას პოზიციაში გვაყენებს ხელისუფლება? _ მე ვერც თქვენთან და ვერც ქართულ საზოგადოებასთან ვერ დავდებ თავს, რომ მოლდოვის საკითხებში ვარ სპეციალისტი. თავს ამით ვერ მოვიწონებ, მაგრამ წარმოდგენილი მაქვს, რა ხდება იქ. ჩვენც ისეთივე მსხვერპლი ვართ რუსეთის აგრესიის, როგორ უკრაინა. ჩვენ უფრო დიდი მსხვერპლი ვართ, ვიდრე მოლდოვა. ის საბჭოთა აგრესიის მსხვერპლია, მაგრამ პუტინის მმართველობის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა? თითქოს ჩვენთან რუსეთის ჯარები არ დგას და ყველაფერი წესრიგშია. რატომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან? ამაზე ხმას არავინ არი იღებს. ჩვენ ამ დროს როცა მსხვერპლი ვართ, ჩუმად ვართ, მოლდოვა კი ამაზე ღიად საუბრობს და ევროპამ ეს გაიგო. კობახიძის განცხადებები „ომი გინდა“ სამარცხვინო და ყბადაღებულ განცხადებებად იქცა. ომი კი არ გვინდა, ომი არის საქართველოში. გრძელდება ეს ომი, რუსეთს არ გაუყვანია ეს ჯარი. ხელმოწერილი დოკუმენტია, რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარები, ამასაც კი არ აკეთებენ. ევროპამ გაიგო, რაც უნდა საქართველოს, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენ არ ვართ უკრაინა. პასუხიც იყო, რომ არ ხართ? - მაშინ თქვენ სტატუსს მიიღებთ საერთო რიგით, უკრაინა და მოლდოვა კი რიგის გარეშე. გამოდის, რომ თურმე უკრაინას და მოლდოვას უჭირთ, ჩვენ კი არ გვიჭირს და ყველაფერი კარგად გვაქვს.
"ყველა მოქალაქე, ვინც წაიკითხავს ჩვენ ინტერვიუს წარმოიდგინოს თავისი თავი, რომ ყავს ნათესავი ლოთი, რომელიც ჩვენ ფულს ხარჯავს, შენ გთხოვს ამ ფულს და შენ იმედი გაქვს, რომ ამ ფულს დახარჯავს ოჯახისთვის და ხედავ, რომ ამ ფულს ხარჯავს ლოთობაში. რამდენჯერ უნდა მისცე, რომ მიხვდე, აზრი არ აქვს ამას. ევროპა ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ გამოასწორებს ვითარებას".
_ მეორე მხრივ ხომ არ გამოვიდა ისე, რომ ევროპამ დაგვტოვა რუსეთის პირისპირ? _ თუ ჩვენ დავრჩით რუსეთის პირისპირ, ეს გავაკეთეთ ჩვენ. ყველა მოქალაქე, ვინც წაიკითხავს ჩვენ ინტერვიუს წარმოიდგინოს თავისი თავი, რომ ყავს ნათესავი ლოთი, რომელიც ჩვენ ფულს ხარჯავს, შენ გთხოვს ამ ფულს და შენ იმედი გაქვს, რომ ამ ფულს დახარჯავს ოჯახისთვის და ხედავ, რომ ამ ფულს ხარჯავს ლოთობაში. რამდენჯერ უნდა მისცე, რომ მიხვდე, აზრი არ აქვს ამას. ევროპა ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ გამოასწორებს ვითარებას. ამით კი არ დამთავრდა რამე, ამით დაიწყო, „ქართული ოცნება“ ბედნიერია და ის არ შეასრულებს წამოყენებულ პირობებს, უკვე თქვა ეს, რომ თუ უსამართლო პირობები იქნება არ შევასრულებთო, ახლა იტყვიან, რომ უსამართლო პირობებია. დაწყებულია საქართველოს ევროპული სივრციდან დისტანცირება, თუ ადამიანი გაგირბის, როგორ უნდა დაეწიო მას?! _ გაუვა ესეც „ოცნებას“ რომ ეს წამოყენებული პირობებიც არ შეასრულოს? _ გაუვა ქართველი ხალხის ნებით. თუ ქართველი ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, თუ არ გააპროტესტა და პროტესტის გზით არ გაუშვა ხელისუფლება, ანუ არ დანიშნა ვადამდელი არჩევნები. ან მორიგი არჩევნები რომ იქნება 2024 წელს და მაშინაც აირჩია „ქართული ოცნება“, ესე იგი გაუვა. რატომ არ უნდა გაუვიდეს, თუ ქართველი ხალხი ამას აიტანს?! _ 20 ივნისისგან რას ელოდებით, მით უმეტეს რა ფონიც შეიქმნა იმის გათვალისწინებით? _ ხალხი გამოვა და იმედია შედარებით მეტი, ვიდრე გამოვიდოდა, მაგრამ არა მგონია, რომ ძალიან ბევრი გამოვიდეს. იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ქართული ოცნება“ კი მიუღებელია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ მიუღებელია. „ნაცმოძრაობას“ კი ჭკუა არ ჰყოფნის, რომ არ მიეტმასნოს ყველაფერს. რასაც ის მიეტმასნება, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ჩნდება პროტესტი. ჩემთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, მაგრამ რაღაც საკითხებში სჯობს იყოს იქ, სადაც ყველაა, მაგრამ მე ხომ არ ვარ მთელი საზოგადოება?! ბევრი თვლის, რომ ეს ასე არ არის. უარყოფითი რეიტინგი „ნაცმოძრაობას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამაზე მუშაობს „ოცნება“, არა სიღარიბეზე, არა რეგიონულ გამოწვევებზე, ეკონომიკაზე და ა. შ. არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითი რეიტინგის გაზრდაზე. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი