"რამდენი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს საქართველოში, ამის შესახებ ზუსტი მონაცემი არ არსებობს. თუმცა, საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი, საბოლოოდ კი 2016 წლის დასაწყისში გვექნება, საშუალებას მოგვცემს დავაზუსტოთ რამდენი ეთნიკური რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს საქართველოში. რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ფარგლებში ცდომილება იქნება. მაგრამ, ეს საშუალებას მოგვცემს ზუსტი და არსებული რეალობა გვქონდეს.
2002 წლის მონაცმებით საქართველოში დაახლოებით 83 % მართლმადიდებელი ცხოვრობს. 19 % მუსლიმია, ანუ დაახლოებით 400 000 მუსლიმში იგულისხმება მუსლიმური თემი, ასევე ეთნიკურად არაქართველი და ეთნიკურად ქართველი. შემდეგ მოდის სომხური ეკლესიის მრევლი, კათოლიკეები, იუდეველები და სხვები. ზეპირად ამის თქმა ძნელია. იმედი გვაქვს, საყოველთაო აღწერის შედეგად სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რელიგიურ ჯგუფებთან ერთად სწორი ორიენტირი ავიღოთ.“ -განაცხადა „აიპრესთან“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.
_ ხშირად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებით მანიპულირება ხდება და სხვადასხვა პროვოკაციების მოსაწყობად იყენებენ. საუბრობენ, რომ მათ უკან გარკვეული ჯგუფი დგას.
_ თქვენ მართალი ბრძანდებით. მაგრამ, მინდა გითხრათ,საქართველოში რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული. პიროვნებას, მოქალაქეს უფლება აქვს ირწმუნოს, შეიცვალოს, უარყოს ესა თუ ის რელიგია ან იყოს ათეისტი. რელიგიის უფლება და თავისუფლება დაცულია საქართველოში კოლექტიური უფლების დონეზე. რასაც რელიგიური ჯგუფების, კონფესიების, გაერთიანებების უფლებების დაცვა ჰქვია. ისინი დარეგისტრირებული არიან საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო კავშირი (გაერთიანება) და ა.შ. ამავე დროს საქართველო აღიარებს ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელთანაც ქართული სახელმწიფო არის მიერთებული, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. მათ შორის რელიგიის თავისუფლების ნაწილში. აღიარებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, როგორც მიერთებულს ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ასევე საქართველოში რამდენიმე ხნის წინ მიღებული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს. თუმცა, არსებობს პრობლემები, რასაც შესწავლა და გაანალიზება სჭირდება. მაგრამ, ამის ორმხრივი ნება უნდა იყოს. ანუ, პრობლემის მოგვარებაში დაინტერესებული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე რელიგიური ჯგუფები და ორგანიზაციები. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ არსებობს პარტნიორული და ტოლერანტული დამოკიდებულება მხარეებს შორის.
_ რას აკეთებს სააგენტო იმისთვის, რომ რელიგიური უმცირესობები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ?
_ თქვენ სწორად შენიშნეთ და გეთანხმებით იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ვიღაცეები რაღაც ფორმით შეიძლება დაინტერესებული იყვნენ ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული სახელმწიფო რა ტერიტორიის ფარგლებში ცხოვრობს, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, არც ჩვენი დიდი მეზობლები უნდა დაგვავიწყდეს და არც ის რომ ჩვენს გარშემო არის მუსლიმური სახელმწიფოები. რა თქმა უნდა არსებობს იმის ალბათობა და შესაძლებელია ამ კუთხით ინტერესი მათი მხრიდან არსებობდეს. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ. ქართული სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს.
სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი და 4 კონფესიას, მუსლიმური, კათოლიკური, სომხური და ებრაული თემი დაფინანსდა შემდეგი ფორმულირებით, რასაც ჰქვია საბჭოთა კავშირის პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. მიმდინარე წელს ოთხივე კონფესიისთვის გამოიყო რამდენიმე მილიონი ლარი.