„მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში, კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მეორე კვარტლის პერიოდის მაჩვენებლების შეფასებისას.
მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვების მაჩვენებელმა 25.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2471 ლარს აღემატება. ვახტანგ ცინცაძის თქმით, არსებული პოზიტიური დინამიკა საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს.
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.
„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და,საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.




