აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, ბრაიან მასტთან, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, - ინფრომაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, კონგრესმენი მასტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანია და არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.

"საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ საკანონმდებლო აქტის განხილვისას დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს შუა დერეფნისა და რეგიონის პოტენციალის განვითარებაში", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.