ზამთრის მთავარი მოვლენა საქართველოს მთის  კურორტებზე აქტიურად გრძელდება. მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით  დასრულდა. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენმა დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს. საერთაშორისო შეჯიბრი FIS-ის ეგიდით იმართება და საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს.  მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო თასს . შემდეგ ეტაპს  სკი კროსის დისციპლინაში ბაკურიანი 10-11 თებერვალს უმასპინძლებს. 

მსოფლიო თასის ეტაპებს  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საუკეთესო შეფასებას აძლევენ გუდაურში გამართულ შეჯიბრებს.  „სნოუბორდ კროსის  ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მონაწილე გუნდებიდან და სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურებაა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა  გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია“ - აცხადებს  FIS -ის დელეგატი, უვე ბაიერი.

ასეთი გამოხმაურება  გასულ წელს  მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა.  საქართველოში პირველი მსოფლიო  ჩემპიონატის მასპინძლობა  უდიდესი გამოცდილება იყო ქვეყნისთვის. შესაბამისად  FIS -ის მომდევნო წლების კალენდარში  საქართველომ ისეთი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიცაა:  საფრანგეთი, კანადა, აშშ, შვეიცარია, ნორვეგია და სხვა. სილქნეტი, როგორც ზამთრის სპორტის აქტიური გულშემატკივარი და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი,  2023-ის  მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი და  წარმდგენი იყო.  

„სილქნეტი დაარსების დღიდან  ზამთრის სპორტის მთავარი მხარდამჭერია.  ამ მხარდაჭერამ განაპირობა  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის საერთაშორისო დონეზე გასვლა და  საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ და  ძალისხმევამ, უმნიშვნელოვანესი შედეგი გამოიღო. საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  ნდობა  მოიპოვა და  პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ბაკურიანი -2023  წარმატებით ჩაატარა. ამ მოვლენის შემდეგ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ზამთრის სპორტის მასპინძელ ქვეყნებს შორის.  ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ  დღეს საქართველო უკვე  FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია.“ - აცხადებს სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კატო ჯავახიშვილი.

10-11 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობენ და არანაკლებ სანახაობას ჰპირდებიან გულშემატკივარს.