საპარტნიორო ფონდმა  კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.

წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა გაიცემა  2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და  K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ „სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში იმპორტს ჩაანაცვლებს და განამტკიცებს  ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.“ ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით აღნიშნა საპარტნიორო ფონდის  გუნდის წვლილი.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს იყო ხანგრძლივი, რთული მოლაპარაკების პერიოდი, რომელიც წარმატებით დასრულდა. „1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებაში სხვა ფაქტორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადგური 35 წელში უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე გადაეცემა სახელმწიფოს,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან აღნიშნა, რომ  მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის. „ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და განავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ განაცხადა გაევონ ჩოიმ.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo  განახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

 

 სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია K Water  ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს. კორეის გარდა კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის და აზიის მასშტაბით.

„სალინი იმპრეჯილო“  (Salini Impregilo)  წარმოადგენს ინდუსტრიულ  ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში.  „სალინი იმპრეჯილო“  (Salini Impregilo)  მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, ხოლო გარიგებების მოცულობა   32,4 მილიარდს.  კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ  სეგმენტში. კომპანია კონკურენციას უწევს მსოფლიო ლიდერებს მოცემულ სფეროში.  ჯგუფის საქმიანობას გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშენებლო საქმის მიმართ, რასაც მოწმობს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტები. კაშხლები და ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ჰიდრავლიკური ობიექტები, რკინიგზა და მეტრო, აეროპორტები და გზატკეცილები, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობები – ეს ის სექტორებია სადაც ჯგუფი უკვე 100 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. „სალინი-იმპრეჯილოს“ პორტფელში შედის  240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, აგრეთვე ჯამურად 1350 კმ მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარება,  6730 კმ რკინიგზის, 375 მ მეტროს სისტემების, 36500 კმ გზების და 330 კმ ხიდების გაყვანა და მშენებლობა.  ჯგუფის ხელმძღვანელობა და მთლიანად მისი პერსონალი მუშაობს გარემოს დაცვის, ეთიკისა და პროფესიონალიზმის ისეთი პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება კორპორაციული მმართველობისა და მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.