ივნისის ბოლოს 52 დოლარის ფარგლებში გამყარებული რუბლი ერთი კვირის განმავლობაში 22%-ით გაუფასურდა

რუსული რუბლის ღირებულება დოლართან მიმართებით ერთი კვირის განმავლობაში 22%-ით დაეცა. 29 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 51,16 რუბლამდე იყო ჩამოსული, დღეს, თბილისის დროით 15:10 საათზე კი მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ფასი რუბლამდე 62,45 რუბლამდე გაიზარდა.

ლართან მიმართებით რუსული რუბლი 29 ივნისის შემდეგ 18%-ით გაუფასურდა და დღეს 100 რუბლი 4,6618 ლარი ღირს.

რუსეთში დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა იმპორტის და შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია და რუბლი გამყარდა. დოლარის მიმართ რუბლის კურსის ზრდამ პრობლემები შეუქმნა ნედლეულის ექსპორტიორ რუსულ კომპანიებს (შემცირდა ამონაგები რუბლებში) და ქვეყნის ბიუჯეტს და ფინანსისტებმა ზედმეტად გამყარებული რუბლის საშიშროებაზე დაიწყეს საუბარი.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა სილუანოვმა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნილების გაზრდის მიზნით „სავალუტო ინტერვენციების" განხორციელება მიიჩნია მიზანშეწონილად, ხოლო ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ კი რუბლის კურსის ძველ ფარგლებში (70-75 რუბლი/დოლარი) დაბრუნების მიზნით მართვის რისკებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუბლის მცურავი კურსი საშუალებას აძლევს ეკონომიკას მოერგოს შეცვლილ გარემოებებს, ძველ ნიშნულზე დაბრუნების მცდელობები კი დევალვაციის საფრთხეს ქმნის.