სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული პროექტის განხილვისას.
რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ იზრდება ყველა საარჩევნო წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი.
„თქვენი მოხსენებიდან გავიგეთ, რომ ყველას ყველაფერი ეზრდება და ძალიან საამაყოდ მიგაჩნიათ ამ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური ბიუჯეტის წარმოდგენისას ნათქვამი თქვენი სიტყვები, მაგრამ ერთი პატარა რამე შეგეშალათ. ნუთუ, ერთადერთი დარგი, რომელსაც ზრდა ნული თეთრით აქვს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამა. 50 მილიონი ჰქონდა შარშან, 50 მილიონი ექნება მომავალ წელს, ზრდა - ნული, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს. კეთილი ინებეთ და ბიუჯეტის ხელახლა შემოტანის დროს, 10-15 მილიონი გაუზარდეთ, ვინაიდან მომავალ წელს მედიკამენტების და იჯარის ფასებიც გაიზრდება, უარესდება და უარესდება იგივე თუნდაც, მკურნალობის ხარისხი, ვინაიდან ხარისხიანი წამლების ჩანაცვლება ხდება იაფი წამლებით. უბრალოდ, სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა.
ფაქტობრივად, გაძარცვა ქვეყანა იუსტიციის სამინისტრომ, თითქმის, 300 მილიონი ლარი გაქვთ გადახდილი 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ადვოკატების მომსახურებაში. რა ხელშეკრულებებს დებთ ისეთებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში კომპანიებს ქირაობთ, რომლებმაც, თქვენს მიერ გაფუჭებული საქმეები უნდა გამოასწორონ. შეკითხვა, 80 მილიონი დოლარი - ეს საადვოკატო მომსახურება არაა, ადვოკატმა წაიღო ფული და წააგო - 80 მილიონი დოლარი, რომელიც თქვენ „ინტერრაოსთან“ წააგეთ, ეს ბიუჯეტში რატომ არ არის ჩადებული, რა მოლაპარაკებები გაქვთ ამ „ინტერრაოსთან“, იქნებ გაგვაგებინოთ.
მესამე კითხვა, რატომ იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოველთვის იყო 50, 55, 40 მილიონი ლარი, ახლა 80 მილიონი ლარი გახადეთ. მთავრობის სარეზერვო ფონდის ანალიზს თუ დააკვირდებით, ყოველ სარჩევნო წელს იზრდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.