შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ყურადღებით, ჩაინიშნეს ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას, – ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ზოგადად, ბიზნესს აქვს ოქროს კანონი. 34 წელია, რაც ბიზნესში ვარ. რაც უფრო იაფი, უფრო ნაკლები ფასნამატით ყიდი, მით უფრო მეტს ყიდი და მეტი გაქვს მოგება. რაც ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, უფრო ნაკლებს ყიდი და უფრო ნაკლები გაქვს მოგება; ბოლოს საერთოდ კოტრდები. ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს, მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს შეძენა. ადამიანმა თუ ვერ შეიძინა, ბიზნესი არ გექნება.

შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს, რათა მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება, გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რათა წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.

წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში – ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, ორჯერ მოხდა მისი გადავადება, მაგრამ ძალაში შედის – ბევრი წამალი აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირად ღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, ამაზე მოვისმინეთ აზრი მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.

ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 არის უკვე რეფერენტული ფასი. იმ 3 000-აც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები, კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში არის უმწვავესი. ​რეფერენტული ფასია და უფრო იაფადაც იმიტომ ვყიდით, რომ არის კონკურენცია.​ მთავრობას აქვს სურვილი, კომპანიებს გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მუდმივად გაიაფდეს მედიკანეტები. ეგ არის ბიზნესის არსი და მიზანი“, – განაცხადა პაატა კურტანიძემ.