სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ დაბა ანასეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული", რომელსაც საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.
ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ახალი შენობა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა და გასულ წელს გაიხსნა. რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მომსახურება ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამსახურში დასაქმებულია 17 ადგილობრივი სპეციალისტი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. მათი რეკომენდაციების საფუძველზე, რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღის კვების ბლოკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა პირობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გურიის რეგიონში არსებული 4 სასაკლაოს მონიტორინგიც. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული, უვნებელი ხორცის წილის გაიზარდა.
"სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით იზრდება ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი სურსათის არსებობის უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული მუშაობა აუცილებელია", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.