მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას  რამდენიმე დღე გვაშორებს. 16 თებერვლიდან ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. მათ შორის იასპარეზებენ  ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამ ისტორიული მოვლენისათვის სათხილამურო ფედერაცია, მისი გენერალური სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები, პარტნიორი კომპანიები ბოლო 5 წლის მანძილზე ემზადებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სილქნეტმა სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიასთან შეხვედრა გამართა და ჩემპიონატის მზადების პროცესი გაააცნო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და სპორტის გულშემატკივრებს. სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს  თითოეული სახეობა, ტრასების სპეციფიკა, სპორტსმენის შეფასების კრიტერიუმები. ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად ყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი. 

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 2023 წლის მთავარ ღონისძიებას ვმასპინძლობთ და სილქნეტი არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი საქართველოში. დაარსების დღიდან, კომპანია  სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია, თუმცა მხარდაჭერა გაცილებით ადრე იწყება. სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იყო ის, ვინც ძალიან აქტიურად ედგა მხარში ფედერაციას. სწორედ მისი და მერე უკვე ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო არის ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი. “ - განაცხადა სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა კატო ჯავახიშვილმა.

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა. კურორტზე  საგანგებოდ აიგო 6  საშეჯიბრო ტრასა, დამონტაჟდა 3 ახალი საბაგირო და ხელოვნურიგათოვლიანების სისტემები.

როგორც სათხილამურო ფედერაციის მედია კოორდინატორმა ნინო მეგრელიშვილმა განმარტა, ჩემპიონატის მსვლელობისას გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება, თუმცა, ყველა აკრედიტებულ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს მიეცემა კომფორტულად მუშაობის საშუალება. მედიისთვის გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები კოხტა-მიტარბის და დიდველის ტრასებთან.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ბაკურიანი 2023-ის ოფიციალური პარტნიორი,  „სილქ ჰოსპითალითი“ კვების ობიექტებით გაუწევს მასპინძლობას მსოფლიო ჩემპიონატს.

„სულ რამდენიმე დღეში დაიწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩემთვის როგორც „სილქ ჰოსპითალითის“ წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიების პარტნიორობა. მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სტუმარმასპინძლობა.“- განაცხადა „სილქ ჰოსპითალითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იორდ ქიუთიმ.

ბაკურიანს ჩემპიონატზე 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო არხი „ევროსპორტი“, სპეციალური რეპორტაჟები და ჩართვები ექნებათ სხვა უცხოურ არხებს. უკვე ცნობილია, რომ ქართველ გულშემატკივარს „ევრონიუს ჯორჯიას“, „სილქ უნივერსალის“ და Silk Sport 1-ის  არხებზე მსოფლიო ჩემპიონატის თვალის მიდევნება შეეძლება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს ბაკურიანში!

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.