ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი წარუდგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.  მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო ავიაციის სექტორს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება. „ლევან მოსეშვილი სააავიაციო დარგის გამოცდილი პროფესიონალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პროექტების წარმატებით განხორციელბაში, რასაც მთავრობა ქვეყნის ავიაციის განვითარებისა და რეგიონულ ავიაჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით ახორციელებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მოსეშვილს ავიაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ის 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს ლევან მოსეშვილს წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კომპანია „ტავ ჯორჯიაში".

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებს საქართველოში. გაერთიანება ოპერირებას უწევს ქვეყნის  სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ასევე სამივე ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში.