„რეგიონული ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის, კერძო სექტორის განახლებული ინტერესისა და ევროკავშირი-საქართველოს გაძლიერებული დაკავშირებადობის ინიციატივების ფონზე, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც ხელსაყრელ გარემოს ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურისა და კავშირების გასაფართოებლად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. ფორუმი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით  “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს საქართველოს წინაშე სატრანზიტო მიზნების უკეთ შესასრულებლად. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონტეინერების რეკორდული მოცულობის მიუხედავად, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა საკვანძო სტრატეგიული საკითხია. „აღნიშნული პროექტის ამოქმედების შემდეგ, ანაკლიის ნავსადგური პირველ ფაზაში 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს შავი ზღვის რეგიონში მთავარი ჰაბი ცენტრალური აზიის ტვირთისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთ გამოწვევად მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირისა და საქართველოს პორტებს შორის საბორნე კავშირების განვითარების მეტი შესაძლებლობა  დაასახელა. მისი თქმით, წინა წლებში ეკონომიკურმა შეზღუდვებმა და ტვირთების შეზღუდულმა მოცულობამ გაართულა საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის სტაბილური საბორნე კავშირების შენარჩუნება. „ამჟამად საქართველო ინარჩუნებს რეგულარულ პირდაპირ საბორნე სერვისებს ბულგარეთთან და რუმინეთთან. ამიტომ, ეს ინიციატივა სამართლიანად განიხილება, როგორც წამყვანი წამოწყება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სატრანსპორტო დერეფნების ქვეყნების არაჰარმონიზებულ საბაჟო თუ სხვა სახის ბარიერებზე, რომლებიც ტვირთების ტრანზიტის დროს ზრდის. შედეგად, მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს მონაცემების გაზიარება და სატრანზიტო დერეფნის სრული გაციფრულება, რომელიც ხელს შეუწყობს დერეფანში ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი კასპიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ მომავალი შეთანხმებით, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელს მოეწერება თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს შორის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეს ინიციატივა შექმნის ახალ მულტიმოდალურ კავშირს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირამდე და გაზრდის დაკავშირებადობას, მოახდენს წვდომის მარშრუტების დივერსიფიკაციას და გააძლიერებს მდგრადობას.მინისტრის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პრიორიტეტები იქნება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და სატვირთო პარკის სრული განახლება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის დასრულება და ერთიანი ციფრული სერვისების დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას, ასევე ქვეყნის გავლის დროს 30%-ით შეამცირებს.

„ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გასახსნელად, აუცილებელია კოორდინირებული დაფინანსება. ამ კუთხით, საქართველომ აიღო ვალდებულება 2032 წლისთვის 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ამ ამბიციის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუდმივი ჩართულობა, რომელთა გამოცდილება და გრძელვადიანი კაპიტალი შეუცვლელია, არამედ კერძო სექტორის ინვესტიციების უფრო ძლიერი მობილიზება. მხოლოდ საჯარო და კერძო დაფინანსების მონაწილეების კარგად შეთანხმებული პარტნიორობით იქნება შესაძლებელი რეგიონში ისეთი თანამედროვე, ეფექტური და მდგრადი ქსელების ჩამოყალიბება, რასაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკა მოითხოვს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.