გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ელექტრო ნარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში“.

ღონისძიება მიეძღვნა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების პუნქტების/ცენტრების მოწყობას, მათ შორის ელექტრონული ნარჩენების შეგროვების ყუთების განთავსებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე ნარჩენების პასუხისმგებლობით განთავსების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

აღნიშნული ინიციატივა გამიზნულია ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ნარჩენების და ბატარეების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვისთვის.
„ერთია კანონის შემუშავება, რაც ჩვენ შევძელით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების  -ევროკავშირის, შვედეთის მთავრობის, USAID- ის და სხვა დონორების აქტიური ჩართულობით, მაგრამ მეორეა აღსრულება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აღსრულების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, რომ  კანონმდებლობა პრაქტიკაში მოვიყვანოთ და დავიწყოთ ნარჩენების სისტემურად შეგროვება იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი პროდუქტი“, -  განაცხადა მაია ბითაძემ, რომელმაც თავს გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ სისტემის სრულყოფილად ამოქმედებისა და სასურველი ეფექტის მისაღებად საჭიროა მრავალმხრივი ჩართულობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

“ერთიანი ნარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემა, რომელსაც ჩვენ დღეიდან უფრო აქტიურად დავნერგავთ, არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი.  წინ გველის კიდევ უფრო რთული სეგმენტი, რომელიც პრაქტიკაში გვექნება ასამოქმედებელი, დასანერგი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ახალი ნაბიჯი ეკონომიკაში, სადაც მინიმალური ზიანი მიადგება გარემოს, შეიქმნება ახალი პროდუქტი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე და შეიქმნას ახალი პროდუქცია. ეს არის ის ჯაჭვი, რომლის სისტემურ ჩამოყალიბებასაც, მჯერა რომ ერთობლივად შევძლებთ. იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში შეიცვალა ყველაზე მთავარი, ეს არის ჩვენი აღქმა, ჩვენი ქცევა და დამოკიდებულება გარემოსადმი“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყებების,  კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
ღონისძიება „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ინიციატივით, USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.