გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ Credit Suisse-სის წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა. ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 68 გვერდიანია.
სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, „ბანკის რჩევით, ბიძინა ივანიშვილმა 750 მილიონი დოლარის ღირებულების ფული და სხვა აქტივები 2011-2012 წლებში გადაიტანა CS Life-ში სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიების სახით. აღნიშნული აქტივები უნდა ყოფილიყო შენახული ცალკე ანგარიშზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ის თანამშრომელი, ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ახორციელებდა თაღლითურ ოპერაციებს პოლისის აქტივებით.
ლესკადრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, 2018 წლის თებერვალში ის გაასამართლეს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. მოგვიანებით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2017 წელს ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და მათმა წარმომადგენელმა ორმა კომპანიამ სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება შეცდომაში თაღლითურად შეყვანისთვის. აღნიშნული სარჩელები ბერმუდის სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა CS Life-ის აპელაცია ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, თუმცა დააკმაყოფილა საჩივარი შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა, თავის მხრივ, მოსარჩელეებმა წარადგინეს ჯვარედინი საჩივარი შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით აპელაციის უარყოფის გამო“.









