შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ "შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად", თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული განცხადება ეკუთვნის იმავე უწყებას, რომლის წარმომადგენელმაც თბილისში დემონსტრანტებს "მაიდანის" მოწყობისკენ მოუწოდა. "ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება - ამბობს პარლამენტის სპიკერი და სოციალურ ქსელში პოსტთან ერთად აღნიშნული მოწოდების ვიდეო-კადრებსაც ავრცელებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი კი აცხადებს, რომ შვედეთი საქართველოს ერთი ხელით მეგობრობას ეფიცება, მეორეთი კი "მაიდნის" სცენარის გათამაშებისკენ მოუწოდებს.

"ერთი ხელით, მეგობრობას ეფიცებიან ქართველ ხალხს და მეორე ხელით, ასევე, მოუწოდებენ "მაიდნის" დადგმას, ამ სცენარის გათამაშებას რუსთაველზე. "მაიდნის," რომელიც არის სისხლიანი გადატრიალება, დამხობა ხელისუფლების. ამიტომ, ყველაფერი არის ძალიან მკაფიო. დასანანია, რომ ეს ყველაფერი შვედეთისგან გვესმის, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ თავს ასოცირებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და, საერთოდ საერთაშორისო სამართლის პატივისმცემელ სახელმწიფოსთან. შევახსენოთ, საერთაშორისო სამართალი რა არის? - ეს არ არის ცარიელი სიტყვების რახა-რუხი, ეს არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, სხვა ხალხების არჩევანის პატივისცემა, სხვა სახელმწიფოებში ჩარევისგან თავშეკავება. აი, ეს არის საერთაშორისო სამართალი და შვედეთი დღეს გამოდის ერთ-ერთი აქტიური ძირის გამომთხრელი საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების. ეს არის რეალურად, რაც ჩვენ გვიჩენს განცდას, რომ მათი რეალური დღის წესრიგი იყო ისეთი ძალებისა და ხელისუფლების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მარტივად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს მათ დაკრულზე," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.