„ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ისე პოლიტიკურად. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ტრადიციულად მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება - ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომელთა განხორციელებისას ორი ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთში ვიზიტის შედეგებს დადებითად აფასებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მეტ პოტენციალზე საუბრობს.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით 19 -20 სექტემბერს შედგა. ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან და ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევთან. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს, ასევე ისაუბრეს რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემდგომი პარტნიორობის საკითხებზე.
ასტანაში დღეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევის თანათავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები - ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მხარეებს შორის შედგა საუბარი, ტრანსკასპიურ სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებში, მათ შორის „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო.
„ჩვენ შევთანხმდით უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართული იქნება „შუა დერეფნის“ განვითარებისკენ. ორივე ქვეყანას აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი თანამშრომლობით მეტი ტვირთი მოვიზიდოთ დერეფანში, რაც ჩვენი ეკონომიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებიც ყაზახეთიდან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან ყაზახეთში ხორციელდება. მათ შორის ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე, გამოცდილების გაზიარებაზე, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, საინვესტიციო ურთიერთობები, ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობა. ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტი დავფარეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის მხარესთან უკვე შედგა შეთანხმება მომავალ წელს საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების თაობაზე, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განვითარდება.