Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის - მე-19 ადგილზე. მათ შორის, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის არის „მთავრობის კეთილსინდისიერება,“ „კანონის უზენაესობა“ და ასევე სხვა ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ფასდება ინდექსი.
„საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ვაჭრობის თავისუფლების კუთხით, ხოლო ფინანსური თავისუფლების კუთხით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით თავისუფალი გარემოა, რაც ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობს“ - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.
„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას შესაბამის გარემო და ყველა მიმართულებით ხელისუფლება ცდილობს, გააუმჯობესოს პირობები იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებშიც გვქონდა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2024-ის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და 184 ქვეყანას შორის 32-ე პოზიცია დაიკავა.
Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 68.4 ქულით მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-19 პოზიციას იკავებს. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (67.2 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (58.6 ქულა).
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - სლოვაკეთი, ხორვატია, პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, მალტა, რუმინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე 7 სახელმწიფოს.
Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად რთული გარე და პოლიტიკური გარემოსი, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მაღალი დონე“.