2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ჯამურად, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.
პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია:
საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება - 150 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს;ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება - 10 მილიონი ლარით და 28 მილიონ ლარს შეადგენს;იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა - 5 მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს;ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჯამურად, იზრდება 18 მილიონ 700 ათასი ლარით.
ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა.




