2024 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი. 

მისი თქმით, თუ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ პროგრამებს არ ჩავთლით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით. 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წლის სოციალური პროგრამების თანხის განაწილება სხვადასხვა პროგრამებზე შემდეგია:

3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის;

1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის;

430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე;

მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს;

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი;

76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.