ინვესტიციებს შეწირული კულტურული მემკვიდრეობა ბათუმში.

პირველი აფთიაქი

ბათუმში, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა შესაძლოა დაინგრეს. ისტორიული შენობის დანგრევის სურვილი მთავრობამ უკვე გამოთქვა. ძეგლი ინვესტორის ინტერესებს შეეწირება. 

2013 წლის ახალმა ხელისუფლებამ  შპს "ჟასმინთან" გააფორმა ხელშეკრულება, კომპანიას ყველა საგადასახადო ვალდებულება, ჯარიმა ჩამოეწერა და უფრო დიდი  შენობის აშენების უფლება მიეცა. "ჟასმინი" 40 ნომრისიანის ნაცვლად, 50-ნომრიან სასტუმროს ააშენებს. შენობას, ისევე, როგორც ფოსტის ყოფილ შენობას რამდენიმე სართულს დააშენებენ, რაც სრულად დაუკარგავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დღევანდელ სახეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობენ, რომ "ასეთი ინვესტიციის ხელიდან გაშვება არ ღირს", რითაც ძეგლს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს.

როგორც კომპანიის იურისტი, დავით ჯანიანი აცხადებს, მშენებლობის ნებართვის აღებისთანავე კომპანია შენობის რეაბილიტაციას დაიწყებს, თუმცა აღებული ვალდებულების მიხედვით, ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ ჩამოერთმევა.

"კანონის მიხედვით შენარჩუნდება შენობის იერ-სახე და აღსდგება მისი ძველი ფასადი. არ მოხდება მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა, სასტუმროს მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემა", – დავით ჯანიანი.

ე.წ. #1 აფთიაქის შენობა რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში, თავიდან "პეტკევიჩის აფთიაქი" იყო.  ამ აფთიაქი მოხსენიებულია მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალის კნუტ ჰამსუნი წიგნში "ზღაპრული ქვეყანა". მწერალი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, და ამ აფთიაქის სერვისით უსარგებლია. შენობა ერთ სართულიანი იყო. მეორე სართული მოგვიანებით დააშენეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ინციატივით 2010 წელს მას კიდევ ერთი სართული დაემატა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მალევე შენობაში წყალი ჩავიდა და შენობის შიდა ნაწილი დაზიანდა. დღეს შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და მის შიდა ინტერიერში მნიშვნელოვანი სამუშაობის ჩატარებაა საჭირო.

ფოსტა

ინვესტიციას შეეწირა ფოსტის ყოფილი შენობაც. ეს შენობა 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანია "აქთივ ბათუმს"  2 500 000 დოლარად მიჰყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გამოიწვევდა ძეგლის ისტორიული სახის შეცვლას, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპანიას, რეგისტრაციის დღესვე 30 მარტს მისცა. ახალმა მეპატრონემ ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მალევე დაიწყო, რასაც მოჰყვა შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გუმბათის მოხსნა. შენობის უკანა მხარეს 13-სართულიანი, 100-ნომრიანი სასტუმრო აიგება. თავად კომპლექსს კი მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება. ფოსტის ყოფილ შენობაში კაზინო განთავსდება. ასევე, მოეწყობა ბიზნესცენტრი, ფიტნესკლუბი, რესტორანი, ღამის კლუბი და სილამაზის ცენტრი.

შენობის პირვანდელი სახის ცვლილებას არაერთი საპროტესტო აქციით აპროტესტებდნენ ბათუმის მცხოვრებლები, თუმცა შენობა მაინც “კიტჩად” იქცა.

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში  მდებარეობს ბათუმის ყოფილი საფოსტო განყოფილების შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს იქნა აგებული.

აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას არსებული სახლი ფრანგ ვაკიეს ეკუთვნოდა. მისგან შენობა ქუთაისელმა ძმებმა იაკობაშვილებმა შეიძინეს, რომლებიც ვაჭართა ფენას მიეკუთვნებოდნენ. ნაგებობის საფოსტო კანტორად გადაკეთების პროექტი 1913 წელს შემუშავდა, არქიტექტორ მიხეილ ნიკოლოზის ძე ნეპრინცევის მიერ. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. წლების მანძილზე შენობა წარმოადგენდა ბათუმის საფოსტო კანტორას. (წყარო გაზეთი “ბათუმელები”).

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ბათუმში, რომლის რეკონტრუქციაც პარლამენტარის ფირმამ განახორციელა. იმავე კომპანია შპს "ხინომ" შეასრულა სარემონტო სამუშაოები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასა  ფარნავაზ მეფის ქ. #25-ში მდებარე კოშკზე.

შპს "ხინოს" (რომელიც 2010 წლის 27 აპრილს დაფუძნდა) 100%-ანი წილის მფლობელი ედნარ თავდგირიძეა, საქართველოს პარლამენტის გასული მოწვევის წევრის, ასლან თავდგირიძის ძმა. სწორედ ეს უკანასკნელი განაგებს, ფაქტობრივად, ამ ფირმის საქმიანობას.

ასლან თავდგირიძე საქართველოს პარლამენტში 2008 წელს შევიდა, როგორც ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი. მანამდე სამშენებლო კომპანია "ბანას" ედგა სათავეში, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი, ასევე, მისი ძმა ედნარ თავდგირიძეა.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოდ (ასე თუ შეიძლება ეწოდოს)  ნოვაცია იყო 1 მილიონ 700 ათასი ლარიანი იშვიათი ასტრონომიული საათი დამონტაჟდება.

თავიდან საუბობდნენ, რომ  ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში საპრეზიდენტო რეზიდენცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა ექს პრეზიდენტს შენობის საბოლოო სახე არ მოეწონა, ამიტომ წლების მანძილზე შენობა აუთვისებელი იყო. რამდენიმე თვეა კი შენობის პირველ სართულზე რესტორანი გაიხსნა, ნაწილში კი მაღაზია არის განთავსებული.

შენობას დაემატა სართული, მიაშენეს კოშკი და შეცვალეს გარე ფასადი.  შენობის სარეკონსტრუქციო მშენებლობის ნებართვა საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუციათ ისევე როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.  

შენობა ინვესტორისათვის "გადაკეთდა", თუმცა ამ დრომდე არც ერთი ინვესტორი შენობით არ დაინტერესბეულა.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

კიდევ ერთი შენობა, რომელიც ინვესტიციას შეეწირა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა. იგი თეთრი, რუსულ სტილში ნაშენი ეკლესია იყო ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. პიაცას მშენებლობის დაწყების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შენობას "რეაბილიტაცია" ჩაუტარდა და გარედან ზუსტად ისე შეიმოსა, როგორც “პიაცა”. პიაცას მეზობლად მდებარე ეს შენობა დღეს პიაცას ერთიან ჭრილში ჩაჯდა. შენობას რეაბილიტაცია იმავე კომპანიამ ჩაუტარა, რომელმაც ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას დააკარგვინა პირვანდელი სახე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კულტურული მემკვიდროების ძეგლები პირვანდელ სახეს არ წარმოადგენენ და ეს უფრო “კიტჩია" ვიდრე კულტურული მემკვიდროება, მათ მაინც აქვს ძეგლის სტატუსი.