ქალაქ სტამბულში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ებუბექირ გიზლიგიდერს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე და საქართველოს გენერალური კონსული
ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის წყლის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, დარგობრივი გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს, ასევე კლიმატის ცვლილების პირობებში წყლის რესურსების დაცვისა და ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობას.
ილია ბეგიაშვილმა თურქულ მხარეს საქართველოში წყლის სექტორში მიმდინარე პროცესები და ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების მოდერნიზაციასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებში პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისა და საერთო ინტერესის მქონე მიმართულებებზე შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს









