გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთს რეაბილიტაციის ნაცვლად, ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე პროექტის და სატენდერო დოკუმენტების მომზადება დაფინანსდება.

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2012 წლის 11 მაისს ხელმოწერილ საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-A და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2013 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-B ფინანსურ ხელშეკრულებაში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთს რეაბილიტაციის ნაცვლად, ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქი) როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე პროექტის და სატენდერო დოკუმენტების მომზადება დაფინანსდება.

შეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, ჯამში, 200 მილიონი ევრო და პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროგაერთიანების მიერ, 20 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი გამოეყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა წერილი-შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.