სს "გალტ & თაგარტმა" და "საქსო ბანკმა" (Saxo Bank) განაცხადეს საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, - აღნიშნულის შესახებ თავად კომპანია "გალტ & თაგარტი" ავრცელებს ინფორმაციას.

ხსენებული ექსკლუზიური პარტნიორობა შესაძლებლობას მიცემს "გალტ & თაგარტის" კლიენტებს პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ ინვესტიციები გლობალურ ფასიან ქაღალდებში და ივაჭრონ წამყვანი კორპორაციების აქციებით. ახალი შეთავაზება ხელმისაწვდომი გახდება 2015 წლის ნოემბერში და უზრუნველყოფს კლიენტების მოქნილ და უსაფრთხო ვაჭრობას, გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "საქართველოს ბანკის" შვილობილი, "გალტ & თაგარტი" ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. "გალტ & თაგარტს" აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალური ბაზრების განვითარების მიმართულებით. "საქსო ბანკი", რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს კოპენჰაგენში, დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს "საქსო ბანკის ჯგუფის" ინსტიტუციონალურ მიმართულებას. "საქსო ბანკი" უზრუნველყოფს პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო ტექნოლოგიებით და თავაზობს მოქნილ საბროკერო მომსახურებას. "საქსო ბანკი" ემსახურება კლიენტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გლობალურად 26 ოფისის მეშვეობით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სინგაპურში.

"ჩვენ მოხარულები ვართ “საქსო ბანკთან” საქართველოს ფარგლებში ექსკლუზიური თანამშრომლობის დაწყებით, რაც “გალტ & თაგარტის” კლიენტებს, საქართველოში პირველად, შესაძლებლობას მიცემს განახორციელონ ინვესტიციები საერთშორისო ბირჟებზე, კორპორაციების აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და უსაფრთხოდ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი შეთავაზების შედეგად, “გალტ & თაგარტის" საბროკერო მომსახურება გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და გლობალური. მოუთმენლად ველით ახალი შეთავაზების დეტალების გაცხადებას მიმდინარე წლის ნოემბერში", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, “გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.