რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრომ, შესაძლოა, მომხმარებლებისთვის უცხოური ტრაფიკის მოცულობა შეზღუდოს და ასევე, დაიწყოს უცხოური დომენებიდან წამოსული მთელი ტრაფიკის გატარება საფრთხეებთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებების (ТСПУ) გავლით, რომლებსაც "როსკომნადზორი" (РКН) აკონტროლებს. იმის შესახებ, რომ ამ ინიციატივების სატელეკომუნიკაციო სექტორის რეფორმის კანონპროექტში შეტანა იგეგმება, Forbes-ის რუსულმა გამოცემამ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
სავარაუდო ლიმიტის მოცულობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 2019 წლის ნოემბერში ძალაში შესული "სუვერენული რუნეტის" შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საფრთხეებთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები (ТСПУ) ყველა კავშირგაბმულობის ოპერატორის ქსელშია დამონტაჟებული. მათი დახმარებით ქვეყანაში ფილტრავენ ინტერნეტის რუსული სეგმენტის მთელ ტრაფიკს, ბლოკავენ და ანელებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალულ რესურსებს, მათ შორის VPN სერვისებს, რომლებიც შეზღუდვებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება.
ციფრული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა Forbes-თან კომენტარში დაადასტურეს, რომ აღნიშნული საკითხები ამჟამად მუშავდება. "თუმცა, იმაზე საუბარი, თუ რომელი მათგანი და რა ფორმით შევა ცვლილებების საბოლოო რედაქციაში, ნაადრევია", - განმარტეს უწყებაში. იქვე აღნიშნეს, რომ აგრძელებენ მუშაობას კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფაზე დაინტერესებულ უწყებებთან და ინდუსტრიასთან ერთად.
ამასთან, შიდა ტრაფიკის უცხოურისგან გარჩევა ტექნიკურად რთულია, - მიიჩნევენ Forbes-ის მიერ გამოკითხული სპეციალისტები. "ინტერნეტ ტრაფიკის მარშრუტიზაცია ბევრად უფრო რთულადაა მოწყობილი. მომხმარებელი, ვთქვათ, ირკუტსკში, შეიძლება მიმართავდეს დომენს ან სერვისს მოსკოვში, მაგრამ ტრაფიკმა მისკენ მარტივად შეიძლება გაიაროს ფინეთზე, ყაზახეთზე ან ჩინეთზე, ან თუნდაც რამდენიმე ქვეყანაზე", - განუცხადა გამოცემას ComNews Research-ის პარტნიორმა ლეონიდ კონიკმა.
გარდა ამისა, ТСПУ-ს გამოყენება რთული იქნება იმ კონკრეტული აბონენტების შესაზღუდად, რომლებიც ლიმიტს გადააჭარბებენ, რადგან ეს საშუალებები განსაზღვრავენ მხოლოდ გარე IP-მისამართს, რომელსაც ერთდროულად ათასობით კლიენტი იყენებს. "იმისთვის, რომ ლიმიტს ზემოთ კონკრეტულად ეს ადამიანი გათიშონ, ოპერატორს მოუწევს, რეალურ დროში გადასცეს "როსკომნადზორს", თუ რომელი აბონენტი რომელ მომენტში რა მისამართისა და პორტის უკან იმყოფება", - აღნიშნა RKS Global-ის დაუსახელებელმა ტექნიკურმა ექსპერტმა.




