საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მონაწილეობს.

შეხვედრაზე მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე. 

მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდ დინამიკას. 

მინისტრმა COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს ინფორმაცია მიაწოდა იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზღვაო დაკავშირებადობის გაძლიერებასა და მსოფლიოს წამყვან სანაოსნო კომპანიებთან თანამშრომლობას.

მარიამ ქვრივიშვილისა და COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონული მენეჯერის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა, „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.