ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. მაგისტრალი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით, პროექტის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებითი ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

„აღნიშნული სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. ზოგადად მზარდი არის დინამიკა ამ ხაზზე. დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები იმისათვის, რომ სრულად იყოს დატვირთული აღნიშნული სატრანსპორტო ხაზი“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.