დეკემბრის ბოლოს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, თუ ვინ გახდება 2026 წლის სამი გამარჯვებული გუნდი.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში, საქართველოს მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 999 გუნდის 4000-მდე მოსწავლემ, ფინალში გადასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.
კონკურსის პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან გუნდი და წარადგინონ პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.
უკვე მეხუთე წელია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს მესამე ადგილზე გასული გუნდი სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ მათი იდეები შესაძლოა კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.
მეორე ადგილზე გასული გუნდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University), აშშ-ში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ყოველწლიურად უამრავი მოსწავლის დაინტერესებას იწვევს. წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა და მარათონში 437 მონაწილე ჩაერთო. სექტემბერში კი დამოუკიდებელმა ჟიურომ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, ესენია:
AeroGuard - საჰაერო მცველებიCatalysts - კატალისტები DigitalRoots - ციფრული ფესვები HPR (Homegrown propulsion rocket) - ეკო რაკეტა Hydra - ჰიდრაKinara ა-კინარაMENMO (Mental Motion) - მენმოMineGuard - მაღაროს მცველიPhonon - ფონონიSynaptiX - სინაპტიქსი
კონკურსის ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება დეტალურად მომდევნო კვირიდან გაეცნობა, შეეძლებათ თვალი ადევნონ და უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ გუნდს ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით. კონურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი.








