ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.
ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა - 60%, გერმანია - 43%, აშშ - 6%, პოლონეთი - 3%, იაპონია- 1%; მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები - შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით.
პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
ღვინის ექსპორტზე გავლენა ასევე იქონია მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენამ: უკრაინაში მიმდინარე ომმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის კრიზისმა, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა.
აღსანიშნავია, რომ პოზიტიურად დაიწყო 2024 წელი: იანვრის თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, სადაც ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18,217 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია. ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები (ზრდა 24%), ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 2%).