ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ევროკომისიის რჩეული და ევროდიპლომის მფლობელი გახდა

ვაშლოვანის დაცულმა ტერიტორიებმა  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ევროპული დიპლომი მიიღო.  მსგავსი დიპლომი სულ ევროპული ქვეყნების73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. საქართველოს დაცული ტერიტორებისთვის დიპლომის გადაცემა პირველი შემთხვევაა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიტულს და რა პროცედურების გავლა დასჭირდა ქართულ მხარეს ამისთვის, „აიპრესს“ დაცული ტერიტორების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე ესაუბრა:

რას გულისხმობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის ევროსაბჭოს დიპლომის მინიჭება და რა პროცედურების გავლა იყო ამისთვის საჭირო?

ევროდიპლომის გადაცემა გულისხმობს ევროსტანდარტების არსებობას დაცულ ტერიტორიაზე.    ევროკავშირის ექსპერტებმა შეისწავლეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორია და მოამზადეს ანგარიში. ნახეს სტეპების და უდაბნოს სინთეზი, ცხოველთა სამყარო და მცენარეული საფარი.  შეამოწმეს, მენეჯმენტის გეგმა არსებობდა  თუ არა, რამდენად მდგრადი დაფინანსება აქვს დაცულ ტერიტორიას. დიპლომის მისანიჭებლად ტერიტორია  აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით. ეს ყველაფერი შეჯამდა. გავიდა ევროკომისიაზე, სადაც დაცული ტერიტორიების წარმომადგენელი და ეროვნული პარკის წარმომადგენელი ვიყავით მიწვეული. იყო დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოკვეთეს რისკები,  წამოგვიყენეს პირობები. მათ სურდათ, ცხვრის ძოვების შეიზღუდვა. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავიცავით, ვუთხარით, რომ ცხვარი იქაური ეკოსისტემის ნაწილია, ტრადიციული მეურნეობაა. ამაზე ბევრი მხარდამჭერი გვყავდა ევროკომისიაში.

კიდევ რა  რეკომენდაციები მისცეს ქართულ მხარეს,  გარდა იმისა, რომ ძოვებაზე შეზღუდვის პირობა ჰქონდათ?

მათ მოგვცეს რეკომენდაციები, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარება, ადგილობრივი პერსონალისთვის  ჩავატაროთ  ტრენინგები.  ევროკავშირს აქვს ვაშლოვანის ტერიტორიებთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც გულისხმობს საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებას, რომ გადაძოვება არ მოხდეს და გაუდაბნოების საშიშროება არ შეიქმნას. ევროკავშირის ამ პროექტმა გააძლიერა ჩვენი პოზიციები: უნდა იყოს მდგრადი ძოვება, მაგრამ არ უნდა აიკრძალოს.  

 რა მნიშვნელობა აქვს ევროდიპლომის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიისთვის გადაცემას?

დიპლომი ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობისთვის. ეს ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, დონორებთან ურთიერთობისთვის და ფინანსების მოსაზიდადაც მნიშვნელოვანია. ადგილობრივი პროდუქციისთვის, თუ ევროსტანდარტებით აწარმოებენ – იქაური მატყლი, ყველი, ან თაფლი და ასე შემდეგ – შესაძლებელი იქნება მისთვის ევროდიპლომის ემბლემის მინიჭება, რაც კიდევ უფრო გაზრდის  პროდუქტის ევროპაში გასვლის შანსებს.  

სხვა დაცულ ტერიტორიებს არ აქვს საქართველოში მსგავსი დიპლომი?

პირველი პრეცენდენტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორია. შარშან როდესაც მივიღეთ  შეთავაზება, რომელს ავირჩევდით ამ სტატუსის მისანიჭებლად, გადავწყვიტეთ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებისთვის განკუთვნილიყო აღნიშნული დიპლომი. ივლისის ბოლოსკენ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში, დედოფლისწყაროში, გაიმართება დიპლომის გადაცემის ცერემონია. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიპლომს, რადგან ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ.

რა სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორია?

 

ბუნების ძალიან ლამაზი ძეგლებია.  შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება. არიან როგორც უცხო მცენარეები, ასევე ენდემური ჯიშის. ასევე  წითელ ნუსხაში ბევრი სახეობაა შესული. ალაზნის უნიკალური ჭალებია სანახავი. ტურისტებს შეუძლიათ იქ არსებულ ბუნგალოებში ჩასვლა და დასვენება. მოსახლეობას და განსაკუთრებით ტურისტებს მოვუწოდებ, წავიდნენ ვაშლოვანის დასათვალიერებლად.   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად