საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საზოგადოება ხედავს რეალურად რა მიზნები ამოძრავებთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით.

„ეს შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, რაც ძალიან საგანგაშოა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი საჯაროდ საზოგადოებას გახლეჩისკენ მოუწოდებენ, ცდილობენ დააბულინგონ არამარტო პოლიტიკოსები, არამედ მათი ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და საზოგადოებაში შეიტანონ განხეთქილება, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს. ხდება მათი ლუსტრაცია გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს თუ რა მიზნები, რა რეალური ზრახვები ამოძრავებთ ამ ადამიანებს და კიდევ ერთი, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადოდ აფასებს.“- განაცხადა გივი მიქანაძემ.