ეს ნისლში ჩაძირული ეკლესია, წაჩხურუს მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის სახელობის ტაძარია, რომელზედაც ამბობენ, რომ უშვილობას კურნავს.
ეკლესია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარეობს, სადაც აღდგომის შემდეგ, პირველ ხუთშაბათს მონასტრის დღესასწაულია, რომელსაც "წაჩხურობა" ეწოდება. ამ დროს დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ადის ტაძარში და მთავარანგელოზებს ევედრება შვილი აჩუქოს.
როგორც ტაძრის მორჩილმა გვითხრა, ლეგენდის თანახმად, იქ სადაც ტაძარია აგებული მწყემსი ცხვარს აძოვებდა, რომელიც თავისთვის მოწყენილი იჯდა, უცებ მგზავრი გამოჩენილა, რომელიც მიიპატიჟა და ხის ძირში გაუშალა სუფრა. მგზავრს უკითხავს, რატომ ხარ ასე მოწყენილიო. მწყემსს უთქვამს, დიდი ხანია ოჯახი შევქმენი, მაგრამ შვილი არ მყავსო. მგზავრს უთქვამს, ყველაფერი კარგად იქნება, შვილი გეყოლებაო. მართლაც შეძენია მწყემსს შვილი. ლეგენდის თანახმად მწყემსს მგზავრის სახით მთავარანგელოზი გამოეცხადა. სწორედ ამის შემდეგ ამოდის ამ ადგილას ხალხი.
მორჩილის თქმით, ტაძარი მე-14 საუკუნეს არის აგებული, თუმცა ის ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, რომლის აღდგენა ამჟამინდელი სახით რამდენიმე წლის წინ მოხერხდა.