თბილისში საზეიმო ვითარებაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, რომელიც 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდა.

„თბილისი არენზე“ გამართულ შეჯიბრებაში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობდა, სულ კი სამი ათასამდე სტუმარი ჩამოვიდა. ეს ოლიმპიურ სახეობებში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა.

„თბილისი 2025“-ზე სანდრო ბაზაძემ ხმლით მოფარიკავეთა ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დაამარცხა და წინა მსოფლიო პირველობებზე მოპოვებულ ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების შემდეგ, მთავარ ჯილდოს დაეუფლა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2026 წელს კიდევ ერთ მასშტაბურ შეჯიბრებას, ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.

„მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, რაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ სტუმრების შეფასებაა, რაც ძალიან მახარებს, ამის გამო საერთაშორისო ფედერაციისგან უამრავი ჯილდო მივიღეთ. ყველაფერი სანდრო ბაზაძის მსოფლიო ჩემპიონობამ დააგვირგვინა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც არანაკლებ მასშტაბური შეჯიბრება იქნება. შემოდგომაზე კი ვეტერანებში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც არაერთი საინტერესო ადამიანი გვესტუმრება“, – განაცხადა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.