საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომეხ თანატოლებს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 3:3.
ამ გუნდებმა ერთხელ უკვე ითამაშეს, შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა, თუმცა მეორე მატჩი, რომელიც კვლავ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, გაცილებით რთული და დაძაბული აღმოჩნდა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. ოთხ წუთში უპირატესობის გაზრდა კესო მეტონიძეს შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, სომხეთის გუნდმა კი 45-ე წუთზე რუზანა ხაჩატრიანის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში (47-ე წუთზე) სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო წონასწორობა ანასტასია ბუჩუკურმა (53-ე წუთზე) აღადგინა – 2:2. 75-ე წუთზე ლიზი კაკულიამ გუნდი ისევ წინ გაიყვანა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საბოლოო ანგარიში რუზანა ინჯიანმა (84-ე წუთზე) დააფიქსირა.