პარიზში, „პარკ დე პრენსზე“, ლონდონის „არსენალს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა მიმდინარეობს.  

„არსენალი“ შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე შეეცადა ინიციატივის ხელში აღებას და სწრაფი გოლის გატანას და ჯერ მესამე წუთზე საკას ჩაწოდებული ბურთი რაისის თავური დარტყმის შემდეგ მცირედით ასცდა, შემდეგ მეოთხე წუთზე მარტინელის დარტყმა დონარუმამ მოიგერია მუხლით, მერვე წუთზე კი ისევ დონარუმამ ითამაშა კარგად და მარტინელის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ „არსენალის“ შეტევების სიმწვავემ იკლო და ჯერ 11-ე წუთზე შეძლეს მასპინძლებმა სახიფათო კონტრშეტევის წამოწყება, შემდეგ კი მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგის საჯარიმოს კუთხესთან ახლოს მიიღო დუეს გადაცემა, ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარისკენ და „არსენალი“ ძელმა იხსნა გოლისგან. 

23-ე წუთზე ბარკოლამ ცენტრთან ახლოს ჩაჭრა მეტოქის გადაცემა, სწრაფად მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს და საკმაოდ კარგ პოზიციაში მყოფ დუეს გადააწოდა ბურთი, მისი დარტყმა კი არცთუ ძლიერი აღმოჩნდა და მეკარემ ადვილად აიღო.

შეხვედრის 27-ე წუთზე ვიტინაიას მიერ ჩაწოდებული საჯარიმო ლონდონელებმა მოიგერიეს, მაგრამ საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ფაბიან რუისმა ბრწყინვალე დარტყმით იგი მეტოქის კარში გადაგზავნა.    

30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კარგ პოზიციაში მყოფ ბარკოლას მიაწოდა, მან მცველი ადვილად მოატყუა, მაგრამ უკვე ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ბურთი სუსტი დარტყმით გაგზავნა კარში, სადაც მას მეკარე დაუხვდა და კუთხურზე მოიგერია.