საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი, რომლის გატანილმა გოლმა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, აცხადებს, რომ მისი წარმატება მშობლების დამსახურებაა. 

"მაშინ საქართველოში ძალიან ცოტა ვინმეს თუ ულხინდა, მით უმეტეს, როდესაც ცხოვრობ ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში. მანდ არავის არ ულხინს... 

იცით როგორი წუთები მახსოვს? დედაჩემს უწევდა ხანდახან ღამეების გათენება იმისთვის, რომ ჩვენთვის მეორე დღეს ელემენტარული რაღაცები ყოფილიყო... როგორ ათენებდნენ ჩვენი მშობლები იმისთვის, რომ შემდგარი პიროვნებები ვყოფილიყავით და არა თუ წარმატებული პიროვნებები, არამედ შემდგარი პიროვნებები ვყოფილიყავით და სწორი ფასეულობები გვქონოდა. რა თქმა უნდა მათი დამსახურებაა ის, ვინც ვარ, ის ვარ. ამისთვის შეუძლებელია მადლობელი არ იყო

მახსოვს, აი ბავშვობის მოგონებები რომ არის... სამარშრუტო ტაქსით მოდიოდა დედაჩემი სახლში, მე და ჩემი და... ვიცოდით რომ აუცილებლად მოჰქონდა ბანანი, ძალიან მიყვარდა ბანანი, ხომ ძალიან სასაცილო ისტორიაა, ბავშვური - აუცილებლად მოჰქონდა ბანანი, ერთ დღეს ფული არ ჰქონდა და ვერ მომიტანა და ისე განიცადა, რომ უფრო მეტი მოჰქონდა ხოლმე, ვიდრე ადრე. ელემენტარული რაღაცები იყო ჩვენთვის ფუფუნება მაშინ...

ამან ჩამომაყალიბა მე, როგორიც ვარ დღეს... ის ფასეულობები რაც მაქვს და თითქოს ელემენტარულ რაღაცებს ვაფასებ... იმიტომ, რომ მე მაქვს ეს ფუფუნება, რომ საბედნიეროდ ჩემს შვილებს არ ჰქონდეთ ისეთი პრობლემები, ვცდილობ რომ მათშიც დავნერგო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ  ეს ელემენტარული რაღაცები  ფასეულია. ვიღაცისთვის ფასეულია და ეს არ უნდა მიიღო შენ ისე, თითქოს შენ ეს გეკუთვნის. არაფერიც არ გეკუთვნის, ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო და მაშინ არის ეს ტკბილი და ფასეული " - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა "რუსთავი2"-თან