დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გრძელდება ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი.
შეფილდში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატში ყინულზე მოცეკვავეებმა მოკლე პროგრამით ასპარეზობა დაასრულეს.
საქართველოს ყინულზე მოცეკვავეთა წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოკლე პროგრამით ასპარეზობა 78,67 ქულით დაასრულეს და თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ მე-6 ადგილზე არიან.

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში „თრიალეთის თასზე“ ნაჩვენებ შედეგზე (80,35 ქულა) ოდნავ უარესი დააფიქსირეს, რაც შესაძლოა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ორჯერ ხარვეზით ჩართეს მუსიკა და მხოლოდ პაუზის შემდეგ გახდა შესაძლებელი ჩანაწერის სრულფასოვანი გაჟღერება და პროგრამის შესრულება.
დღეს, მოგვიანებით, ქალთა შორის ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გამოვლინდებიან. 2023 წლის ევროპის ჩემპიონი და 2024 და 2025 წლების ევროპის ვიცე-ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11 ადგილზეა, თუმცა თავისუფალი პროგრამით წარმატებით შესრულების შემთხვევაში საპრიზო სამეულში შესვლა შეუძლია.




