გუშინ, 20 ოქტომბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ბობი ჩარლტონი.

ბობი ჩარლტონი „მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 1956-1973 წლებში თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში მას სამჯერ (1957,1965, 1967 წლებში)აქვს მოგებული ინგლისის პრემიერლიგა და ერთხელ (1968 წელს) ჩემპიონთა ლიგა. კლუბის ფეხბურთელებს შორის იგი მეორეა რაიან გიგზის შემდეგ ჩატარებული მატჩების რაოდენობით (758 მატჩი) და უეინ რუნის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით (249).

ბობი ჩარლტონი 4 მსოფლიო ჩემპიონატის (1958, 1962, 1966, 1970) მონაწილეა. არის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მას ჩატარებული აქვს 106 მატჩი (მეშვიდე შედეგი) და გატანილი აქვს 49 გოლი (მესამე შედეგი).

ბობი ჩარლტონი 1966 წელს „ოქროს ბურთის" გამარჯვებული გახდა.

1994 წელს ინგლისის დედოფალმა ბობი ჩარლტონი რაინდად აკურთხა.


ბობი ჩარლტონი 1958 წლის 6 თებერვალს იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელმაც მიუნხენის აეროპორტში კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 44 კაციდან 23 დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ბობი ჩარლტონს და მის ერთ-ერთ თანაგუნდელს ორმა სხვა თანაგუნდელმა სთხოვა ადგილების გაცვლა და თვითმფრინავის უკანა სავარძლებიდან წინ გადაჯდომა. აფრენის მესამე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თვითმფრინავმა აეროპორტის დამცავი კედელი გაანგრია და სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც მას კუდი მოსწყდა, შუაზე გაპობილი წინა ნაწილის ერთი მხარე ხეს, მეორე მხარე კი ანგარს შეეჯახა. თვითმფრინავის უკანა ნაწილში მყოფი მგზავრები დაიღუპნენ, წინა ნაწილში მყოფი ბობი ჩარლტონი კი გადარჩა და თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან იგი მეკარე გარი გრეგმა ამოიყვანა.