ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 97 კგ წონაში ფინალისტები გამოვლინდნენ

ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ, 18 წლის გენო პეტრიაშვილმა, ამერიკელი ჯასტინ რადემახერთან შეხვედრა 5:16(3:4) წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეშაჟიდან ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება გოგა ოთინაშვილი (70 კგ), რომელმაც კვალიფიკაციაში წააგო მოლდაველ ალექსანდრ გაიდარლისთან, შემდგომ ფინალში გასულთან.

ფინალში ჯასტინ რადემახერი ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს სპორტსმენს, მაგომედგაჯი მაგომედოვს შეხვდება. მან ნახევარფინალში ინდოელი ვიშალ ვიშალი 11:9 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ევროპის 20 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნახევარფინალში კონსტანტინე პეტრიაშვილმა მაგომედგაჯი მაგომედოვს ბოლო წამებზე გაუთანაბრა ანგარიში, ფინალში ბოლოს მოპოვებული ქულის წესით გავიდა, ფრანგ აშაბ დადაევს სძლია და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატზე მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და პეტრიაშვილმა ამჯერად დადაევი მოკრძალებული ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.