თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. 

სარეაბილიტაციო არეალი, დაახლოებით, ერთ ჰექტარს მოიცავს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტება, საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსება საპარკო ავეჯი, ასევე, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.


„ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა მათი
ჩართულობითა და მხარდაჭერით. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება - მოეწყობა სასეირნო ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონები, ასევე, ცხოველებისთვის დამოუკიდებელი სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განახლდება ჟიული შარტავას სახელობის მემორიალიც. გვიხარია, რომ ყიფშიძის ქუჩაზე, შემოდგომაზე კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც - მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კახა კალაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დედაქალაქის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.