საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული და საქართველოს ოფისი 20 თებერვალს ატარებს ღონისძიებას „პოლიტიკის დიალოგი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის შემცირების მიდგომების ინტეგრირება: მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ღონისძიებაზე მოხდება საქართველოში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციების მიმოხილვა, FEEDCities კვლევისა და მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშების წარდგენა; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ხელმოწერის ინიციატივისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ღონისძიებების“ და, მარილის შემცირების სტრატეგიების, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების განხილვა; ასევე მარილის შემცირებისა და მარილის იოდით ფორტიფიკაციის საკითხების მიმოხილვა და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანიის წარდგენა.
მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკფაქტორია. არაგადამდები დაავადებები ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია გლობალურად და საქართველოში და, ამასთანავე, წარმოადგენენ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.
მარილის მიღების შემცირება იწვევს არტერიული წნევის ციფრების და, შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის და მისი გართულებების - მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გავრცელების და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას. 2016 წლის STEPS კვლევის მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას (5 მგ/დღე). საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა.
„უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.
მარილის მოხმარების შემცირება არის ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონულმა დირექტორმა ახლახან წამოიწყო ხელმოწერის ინიციატივა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის და მაღალი არტერიული წნევის გავრცელების უთანასწორობის შესამცირებლად ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებით პირველადი ჯანდაცვის დონეზე და მარილის შემცირების სტრატეგიების დანერგვით. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპის რეგიონში, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.