სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაცია მიაწოდა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ანგარიშში შეშფოთებაა გამოხატული, ანუ, იმათ მოგვაწოდესო, რომ შეშფოთებული ვართო. ეს რაღაც გარკვეული ფორმაა ურთიერთობის და ჩემი გამოცდილებიდან ამას ასე ვუყურებ, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გადადგომის მოთხოვნა, გინდ ზეწოლა დავარქვათ, გინდ მოწოდება, პირდაპირ არის მოწოდება გადადგომისკენ, რადგან იქ რამე სხვა ვარიანტი არ წერია. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ რა აზრი ექნებოდა ამ ანგარიშში ჩაწერას ამ შეშფოთების? თუ ვიტყვით, რომ ეს უბრალოდ ჩანაწერია და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ასეთ რამეს სიამოვნებით მოვისმენდი, მაგრამ ამის განმარტებაც არ მომხდარა. გამიხარდებოდა, თუ ვინმე განმარტავს, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, რადგან ეს ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეხება მედიას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში აშკარად არის შეცდომები, გადაცდომები, არის მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.

„იმ ორგანიზაციებს ამ ტიპის შეფასებების არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ. ორგანიზაციაში არიან ისეთები, რომელთაგან ზოგი ხელმძღვანელობდა და ზოგი, გარკვეულწილად, ქვეყანაში კლიმატს ქმნიდა, როცა მართლაც განადგურებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი ყველანაირი მისია და აღარაფერს ვამბობ კორუფციაზე. მისია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა შეესრულებინა, ცინიზმის დონეზე იყო განადგურებული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სწრაფი ნაბიჯით მიდის ცენზურისკენ.

„გამოდის, უნდა ვიცხოვროთ არა იმ წესით, რომელსაც კანონი ადგენს, არამედ ერთ მშვენიერ დღეს უნდა ვთქვათ, რომ კანონი არ მოგვწონს და როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოსწონს, ისე უნდა ვიმოქმედოთ, ისე გადავწყვიტოთ საკადრო საკითხები, პრიორიტეტების, პროგრამების საკითხები და ა.შ. მეტსაც გეტყვით, ვუყურებ ტენდენციებს და უკვე ჟურნალისტების შეკითხვების გაკონტროლების მცდელობაც მიდის – ლამის კითხვების მინისტრი დანიშნონ, როგორც მულტფილმშია სიზმრების მინისტრი. პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ძალიან სახიფათო და ეს ყველაფერი სწრაფი ნაბიჯით მიდის ცენზურისკენ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ეს არის ერთიანი კამპანიის ნაწილი, რომელიც ასე მარტივად არ გაჩერდება.

„ერთი კვირა გავიდა და შემდეგ მოჰყვა უკვე მოსამართლეების სანქცირების ამბავი. თავი დავანებოთ იმას, როგორი ტვირთია ეს ერთი ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი რომ ამას გეუბნება, თამაში და ხუმრობა არ არის, მაგრამ შემდეგ ეს რაღაცნაირად ამ მოსამართლეების თემამ გადაფარა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ ჯგუფებმა მანამდე მოითხოვეს ამა თუ იმ ადამიანის მრწამსის კონტროლი, რაც შემთხვევითი არ არის.

„რასაკვირველია, მრწამსის შესწავლა ხდება და როგორც ჩანს, არ დავაკმაყოფილეთ ეს მრწამსი მეც და სხვამაც, ამიტომ მიმანიშნეს, გაათავისუფლე ეს ადგილი, ჩვენ გვჭირდება იმისთვის, ვისი მრწამსიც გვაკმაყოფილებსო. კანონი დაცული იქნება, თუ შენი ხელით დაწერ განცხადებასო, ამის უფლებას და ბედნიერებას გიტოვებენ, მაგრამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, მათთვის მიზანი არის ბერკეტების მთლიანად ხელში აღება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.