საზოგადოებრივი მაუწყებელი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ქართულ მედიასივრცეში და უკვე ხდება, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ამას ისინი უფრო ადრე ხვდებიან, ვისაც ეს იდეა არ მოსწონს, ვიდრე პოტენციური გულშემატკივრები, რომლებსაც ხშირად ვეთანხმები ხოლმე, რადგან აქ კიდევ უამრავი რამეა გამოსასწორებელი და კიდევ ბევრი საქმეა, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე, რომ იტყვიან, მოუხვია სწორი ნავსაყუდელისკენ ძალიან მძიმე, იავარქმნილი მდგომარეობიდან, სადაც სწორედ იმ ჯგუფების ბევრმა წარმომადგენელმა და იმ იდეოლოგიამ მიიყვანა, რასაც ისინი ახორციელებდნენ – ანტენები უნდა გადაიჭრას, სიტყვა კონტროლის ქვეშ მოექცეს და კონტროლირებადმა დემოკრატიამ უნდა იშუქუროსო. ამან ცუდი შედეგი მოიტანა, შუქურა უნდა იყოს ზევით, მაღალზე, თორემ მიწაში ჩარჭობილი შუქურა ხომ ვერ გაანათებს?!“ – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, იმ სცენარით, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს აქვთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სურთ, გახადონ რევოლუციისთვის მზადების ფლაგმანი.
„რევოლუციური სცენარი და რევოლუციისკენ მოწოდება ყურს აღარ ჭრის დღეს და, პირდაპირ ვთქვათ, ამას ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ამას ითხოვენ, ფლაგმანი იყავიო. მაქსიმალური გაკეთდა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლების გავლენას დააღწია თავი. სხვათა შორის, თავის დროზე ეს ხელისუფლებაშიც უკვირდათ, მაგრამ ეს მოხერხდა და, ვფიქრობ, ეს ამ ხელისუფლების მიღწევაც არის. ერთად არის მთელი საზოგადოების და, კი ბატონო, ოპოზიციის მიღწევაც, მაგრამ ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან არის მისი გაკონტროლების დიდი სურვილი. ცნობილი პასუხი რომ არის, სიკეთე და ბოროტება რა არისო?! ბოროტება არის, ცოლს რომ წამართმევენ და სიკეთეა, მე რომ წავართმევ ცოლსო. აი, ასეთივე პრინციპით მოქმედებენ ახლა, ეს ხომ გაკეთდა, რომ ხელისუფლების გავლენისგან გათავისუფლდა და ახლა ჩემი გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს საზოგადოებრივი მაუწყებელიო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი არსით ევროპული მოვლენაა და ის ვერ იქნება ქვეყნის დანგრევის, არეულობის და გადატრიალების მომხრე.
„კი ბატონო, გადატრიალებები ხდება, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება ამის ფლაგმანი. მით უმეტეს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ჯგუფს აქვს თავისი ტელევიზია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მტკიცედ უნდა დაიკავოს ის ნიშა, რაც არის კანონით განსაზღვრული. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს სარედაქციო პოლიტიკა აქვს დღეს და, სხვათა შორის, კანონიც ამას მოითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება ისე, რომელიც ყველას მოსაწონს იტყვის; კანონში ასეა – საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა ჯგუფის აზრი უნდა წარმოჩინდეს, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, კაცის კვლაზე არ არის ორიენტირებული და ა.შ., თუმცა ამასაც ითხოვენ ხოლმე. მთავარია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა აზრი უნდა წარმოჩინდეს და, ცხადია, ერთს მეორე აზრი ყოველთვის არ მოეწონება. მთავარია, მთლიანობაში ეს ნიშა დაიკავოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, შეიმჩნევა, რომ გარკვეულ ჯგუფებს მიზნად საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვება აქვთ დასახული და დეპარტამენტის ანგარიშში ჩანაწერიც ამ პროცესის ნაწილია.
„თუ მეშლება და ეს ასე არ არის, გამოდის, ასეთი მნიშვნელობის ფიგურა ვყოფილვარ, რომ, უბრალოდ, ჩემი მნიშვნელობიდან გამომდინარე გავახსენდით და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შემიტანეს. გურული ვარ და ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – კაი, ბატონო, ეს მარტო ამიტომ თუ გაკეთდა, რომ მსოფლიოსთვის ეთქვათ, იცოდეთ, საქართველოში ასეთი ადამიანი ცხოვრობს და ამ ჩანაწერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო, კი ბატონო, მაგრამ სინამდვილეში ასე ხომ არ არის?!“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.