საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა.
უნგრეთის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ილია II ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. ასევე აღნიშნულია, რომ ის განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს გარდაცვალების შესახებ.
უნგრეთიდან ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ვიზიარებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის მწუხარებას“, - აღნიშნულია უნგრეთის პრეზიდენტის წერილში. რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.










