თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა პროექტმა გაიმარჯვა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსში. გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა. ღონისძიებას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია ესწრებოდა.
სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასებისას გამარჯვებულ 14 პროექტს შორის ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროექტმა „მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“. კონკურსში გაიმარჯვა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა მიმართულების პროექტმა „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, აგრეთვე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის პროექტმა „თსუ ICT საგანმანათლებლო -ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“, რომელიც ხორციელდება სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ევრის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი, პარი-საკლეს ჯგუფი) და ვესტფალიის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან.
კონკურენტული ინოვაციების ფონდის მეორე კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 14-მა პროექტმა მოიპოვა. CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,2 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.
CIF-ის საგრანტო კონკურსი გულისხმობს უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით.
CIF-ის უმთავრესი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კონკურენტული ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.